უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვლის ღამით გახმიანებული მიმართვისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების პოზიციებსა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველას ეშინია, პასუხი გასცეს კითხვას, გახდება თუ არა უკრაინა ალიანსის წევრი.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხდა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან და ამას მხოლოდ სიტყვით არ აკეთებენ.
“თუმცა, მეორე საკითხია — მარტო დავრჩით ჩვენი სახელმწიფოს დაცვისას. ვინ არის მზად, იბრძოლოს ჩვენთან ერთად? მართალი გითხრათ, მე ვერ ვხედავ ასეთ ხალხს. ვინ არის მზად, უკრაინას ნატოში გაწევრიანების გარანტია მისცეს? გულწრფელად [რომ ვთქვათ], ყველას ეშინია…”, — დასძინა ზელენსკიმ.
მისივე სიტყვებით:
“დღეს ჩვენ მოვისმინეთ მოსკოვისგან, რომ მათ, ასე თუ ისე, სურთ საუბარი უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე. ვეუბნები ყველა პარტნიორს, ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. ვეკითხები მათ – ჩვენთან ხართ? გვპასუხობენ, რომ კი. მაგრამ თავიანთ ალიანსში მიღებისთვის მზად არ არიან.
მე ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში. არ მპასუხობენ, ყველას ეშინია. ჩვენ არ გვეშინია. არ გვეშინია რუსეთთან ლაპარაკის, არ გვეშინია ჩვენი სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრის. არ გვეშინია საუბრის ნეიტრალურ სტატუსზე. მაგრამ რა უსაფრთხოების გარანტია გვექნება? რომელი ქვეყნები მოგვცემენ მათ?”, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
24 თებერვალს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დიალოგის წინააღმდეგობას ვერ ხედავს, თუმცა ეს დიალოგი უნდა შეეხებოდეს ისეთ არსებით საკითხებს, როგორიცაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.
აღნიშნული განცხადებები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პარალელურად ხმიანდება. სამხედრო მოქმედებები რუსეთმა 24 თებერვალს, გამთენიისას, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით დაიწყო.
პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.
აღნიშნულის შემდეგ უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, მოგვიანებით კი გამოიცა განკარგულება სრული სამხედრო მობილიზების შესახებ.
ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს უკრაინაში 137 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები.
პრეზიდენტის თქმით, მოწინააღმდეგის “დივერსიულმა დაჯგუფებებმა” კიევში შეაღწიეს და მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან კომენდანტის საათის წესები.
ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.








