ახალი ამბები

უკრაინა EU-ს საჰაერო მხარდაჭერას, ბელარუსის სანქცირებას და რუსეთის SWIFT-დან გათიშვას სთხოვს

24 თებერვალი, 2022 • 4264
უკრაინა EU-ს საჰაერო მხარდაჭერას, ბელარუსის სანქცირებას და რუსეთის SWIFT-დან გათიშვას სთხოვს

უკრაინა ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ მიაწოდონ საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, ასევე, გამოიყენონ „ყველა საშუალება“ რუსული სატელიტური სიგნალების დასაბლოკად.

Guardian-ის ინფორმაციით, ბრიუსელში საგანგებო სამიტის წინ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილი მოთხოვნების სიაში, ასევე, არის „ყველაზე მკაცრი შეზღუდვის ზომები ბელარუსის წინააღმდეგ“, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას.

Guardian-ის თანახმად, უკრაინა, ასევე, ითხოვს:

  • რუსეთსა და ბელარუსში სამხედრო და სამოქალაქო მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების დასრულება;
  • რუსული სატელიტური სანავიგაციო სისტემების დაბლოკვა შავი ზღვისა და აზოვის ზღვის თავზე;
  • ყველა საშუალების გამოყენება სატელიტური სანავიგაციო სისტემა Glonass-ის დასაბლოკად, მათ შორის, დაიბლოკოს სიგნალი შავი ზღვის, აზოვის ზღვის, ბელარუსისა და უკრაინის საჰაერო სივრცეში.

რუსეთთან „ჩვეულებრივი ბიზნესის“ შეწყვეტის მოწოდებასთან ერთად, კიევს სურს, რომ ევროკავშირმა უკრაინელებისთვის მისი გადაუდებელი დახმარების სისტემა (სამოქალაქო დაცვის მექანიზმი) გახსნას.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან მოსალოდნელი სანქციები განიხილა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

„ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას, უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის დაწესებას და სხვა ქმედით ნაბიჯებს აგრესორის შესაჩერებლად“, — აცხადებს ზელენსკი.

ევროკავშირი რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს

მასალების გადაბეჭდვის წესი