ახალი ამბები

უკრაინის მცველებს შორის დანაკარგები არ არის — უკრაინის სახმელეთო ძალები

24 თებერვალი, 2022 •
უკრაინის მცველებს შორის დანაკარგები არ არის — უკრაინის სახმელეთო ძალები

უკრაინის სახმელეთო ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, “უკრაინის მცველებს შორის კი დანაკარგები არ არის”.

“დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთის მიმართულებით, განხორციელდა სარაკეტო დარტყმები/დაბომბვები ბორისპოლის, ოზერნეს, კულბაკინოს, ჩუჰუივის, კრამატორსკის, ჩორნობაივკას აეროდრომებზე, ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

ამავდროულად, აგრესორმა დაიწყო საარტილერიო დაბომბვა ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის სახელმწიფო საზღვრის და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებსა და დასახლებებზე”, — ვკითხულობთ სახმელეთო ძალების განცხადებაში.

ტექსტის მიხედვით, უკრაინის ეროვნული თავდაცვის ძალები სარგებლობენ თავდაცვის უფლებით და “ღირსეულად ეწინააღმდეგებიან მტრის მცდელობებს, გაარღვიონ სახელმწიფო საზღვრები”.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ “რუსული ჯარები დანაკარგს განიცდიან”, კერძოდ, სახმელეთო ძალების თქმით, ჩამოგდებულია რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი, დაზიანებულია ორი ტანკი და განადგურებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე სატვირთო მანქანა:

“უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ბრძანება გასცა, რომ აგრესორისთვის მაქსიმალური დანაკარგი მიეყენებინათ. უკრაინის მცველებს შორის დანაკარგი არ არის. ჩვენს მიწაზე ვდგავართ და არ დავთმობთ [მას]!”.

დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ “მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი ემუქრება” და ის უკრაინის სამხედრო ობიექტებს უტევს მაღალი სიზუსტის იარაღით.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — 24 თებერვლის ქრონოლოგია

მასალების გადაბეჭდვის წესი