საზოგადოება

პუტინმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციას იწყებს

24 თებერვალი, 2022 • 4327
პუტინმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციას იწყებს

ცოტა ხნის წინ, 24 თებერვლის გამთენიისას, პუტინმა  უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში „სპეციალური სამხედრო ღონისძიების“ დაწყების შესახებ განაცხადა. ის ირწმუნება, რომ „რუსეთის გეგმებში უკრაინის ოკუპაცია არ შედის“. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ჩვენ შევეცდებით უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას. ჩვენს გეგმებში არ შედის უკრაინის ოკუპაცია, ჩვენ არავის არაფერს არ ვაიძულებთ.

მინდა მივმართო ჩვენს სამხედრო ძალებს, ვინც არ უნდა შეუქმნას საფრთხე რუსეთს, პასუხი იქნება დაუყოვნებლივი. არავის არ უნდა ჰქონდეს, ეჭვი, რომ რუსეთზე პირდაპირი თავდასხმა გამოიწვევს დამარცხებასა და საშინელ შედეგებს პოტენციური აგრესორისთვის“, — თქვა პუტინმა.

„რია ნოვოსტი“ პუნქტობრივად ავრცელებს პუტინის გამოსვლის ძირითად დეტალებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა:

  • რუსეთი პატივს სცემს და მომავალშიც ამას იზამს დსთს-ის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის მიმართ, მაგალითად, ყაზახეთის;
  • რუსეთი უკრაინას არ მისცემს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას;
  • პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისა და სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდა, რადგან მისი აზრით, ისინი „ემსახურებიან ხუნტას და არა სამშობლოს“;
  • პუტინი სისხლისღვრაზე ყველა პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს;
  • პუტინს სჯერა რუსი ხალხის მხარდაჭერის.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკრაინის აღმოსავლეთით ომის დაწყების შესახებ წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ მის მიერვე აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების თხოვნა აღნიშნული რეგიონების უკრაინისგან დაცვის შესახებ.

რუსეთმა რამდენიმე საათის წინ 18 მაისამდე აკრძალა სამოქალაქო თვითმფრინავების მიმოსვლა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ, სადაც უკვე რამდენიმე თვეა, რუსული არმიის ასიათასზე მეტი ჯარისკაცია მობილიზებული.

დასავლური სახელმწიფოები რამდენიმე კვირაა, დაზვერვაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება. ბოლო გაფრთხილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 23 თებერვალს გაავრცელა და თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უახლოეს 48 საათში უნდა დაიწყოს და ამაზე მიუთითებს რუსეთის ყველა ბოლო ქმედება.

უკრაინამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი