ახალი ამბები

მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ — თურქეთი

24 თებერვალი, 2022 • 1222
მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ — თურქეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებელს უწოდებს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს და მიმართავს მოსკოვს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს აღნიშნული პროცესი.

“ჩვენ მიუღებლად მივიჩნევთ და უარვყოფთ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას.

ეს თავდასხმა, მინსკის შეთანხმებების დარღვევის გარდა, არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი რეგიონისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

სამინისტროს სიტყვებით, “თურქეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, ეწინააღმდეგება იარაღის საშუალებით საზღვრების შეცვლას”.

“მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს უსამართლო და უკანონო ქმედება. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი გაგრძელდება”, — დასძენს უწყება.

მანამდე თურქეთში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობამ თურქეთის ხელისუფლებას სთხოვა, რუსულ ხომალდებს დაუხუროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები.


24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი