საზოგადოება

მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს — ბაიდენი

24 თებერვალი, 2022 • 1196
მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს — ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას ეხმაურება და დასძენს, რომ მხოლოდ მოსკოვია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რომელსაც ეს შეტევა მოიტანს.

“ამ ღამით მთელი მსოფლიო ლოცულობს უკრაინელ ხალხისთვის, რადგან ისინი განიცდიან უსაფუძვლო და გაუმართლებელ თავდასხმას რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან.

პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც მოიტანს სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგსა და ადამიანთა ტანჯვას.

მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი სიკვდილსა და ნგრევაზე, რომელსაც ეს შეტევა მოიტანს, აშშ და მოკავშირეები კი მას ერთიანი და გადამწყვეტი გზით უპასუხებენ, — ვკითხულობთ ბაიდენის განცხადებაში.

მისივე სიტყვებით, “მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს”.

ჯო ბაიდენი დასძენს, რომ თეთრი სახლიდან დააკვირდება სიტუაციას და მიიღებს რეგულარულად განახლებად ინფორმაციას უსაფრთხოების გუნდისგან.

“ხვალ დილით შევხვდები ჩემს კოლეგებს დიდი შვიდეულიდან, შემდგომ კი მივმართავ ამერიკელ ხალხს, რათა გამოვაცხადო ის შედეგები, რომელთაც აშშ და პარტნიორები რუსეთს დააკისრებენ აგრესიის ამ უსარგებლო აქტის გამო უკრაინის, გლობალურ მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ”, — აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

პუტინმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციას იწყებს

მასალების გადაბეჭდვის წესი