ახალი ამბები

ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარების გაძლიერებას აანონსებს

24 თებერვალი, 2022 • 1177
ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარების გაძლიერებას აანონსებს

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე ნატომ თავდაცვის გეგმები გაააქტიურა და უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას აანონსებს.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ხვალ, 25 თებერვალს კი, ნატოს ლიდერების ვირტუალური სამიტი გაიმართება. სტოლტენბერგის თქმით, ეს არის თავდაცვის გეგმები, რომელსაც ნატო წლების განმავლობაში ამუშავებდა და რაც მეტ თავისუფლებას აძლევს სამხედრო ხელმძღვანელობას ჯარების განლაგებაში.

„რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ეს არის სასტიკი ომის გზა. სამწუხაროდ, მოხდა ის, რის შესახებაც თვეების განმავლობაში ვაფრთხილებდით, მიუხედავად ყოველგვარი მოწოდებებისა რუსეთისადმი, რომ შეეცვალა კურსი და დიპლომატიის გზა აერჩია. მშვიდობა ჩვენს კონტინენტზე ნამსხვრევებად იქცა. ახლა ევროპაში გვაქვს იმ ტიპის და მასშტაბის ომი, როგორიც ისტორიის ნაწილი გვეგონა. მძიმე დროა ევროპის უსაფრთხოებისთვის“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთის საჰაერო დარტყმების, სახმელეთო და სპეციალური ჯარების სამიზნეა სამხედრო ინსფრასტრუქტურა და დიდი ურბანული ცენტრები მრავალმრხივი მიმართულებებიდან.

„ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი, ცივსისხლიანი შეტევა. მიუხედავად მრავალგზის უარყოფისა და დეზინფორმაციისა, კრემლის განზრახვები ნათელია მსოფლიოსთვის. რუსეთის ლიდერებს სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ დაუფიქრებელ ქმედებებზე და ადამიანების დაკარგულ სიცოცხლეზე. ნატოს მოკავშირეები უმკაცრესად გმობენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და აირჩიე დიპლომატია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინის თავდაცვის უფლებას“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

უშუალოდ ალიანსის წევრის სახელმწიფოების უსაფრთხოებაზე საუბრისას სტოლტენბერგმა თქვა, რომ ერთზე თავდასხმა ყველას პასუხს გამოიწვევს.

„ნატოს მთავარი ამოცანაა ყველა მოკავშირის დაცვა. აქ არ უნდა დარჩეს გაუგებრობის და არასწორი გათვლების სივრცე — ერთზე თავდასხმა განხილულ იქნება, როგორც თავდასხმა ყველაზე. ეს არის ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტია. დღეს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, ჩვენი უმაღლესი სამხედრო მეთაურის, გენერალ ტოდ ვოლტერსის მოთხოვნის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი თავდაცვის გეგმების გააქტიურების შესახებ. ეს არის გონივრული და თავდაცვითი ნაბიჯი ამ კრიზისის დროს მოკავშირე ერების დასაცავად. ეს საშუალებას მოგვცემს, განვათავსოთ შესაძლებლობები და ძალები, ნატოს საპასუხო ძალების ჩათვლით, იქ, სადაც საჭიროა“, — განაცხადა სტოლტენბეგრმა.

მისი თქმით, რუსეთის მასობრივი სამხედრო გაძლიერების საპასუხოდ ალიანსმა უკვე გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში.

„ბოლო კვირების განმავლობაში მოკავშირეებმა ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან დამატებით ათასობით ჯარისკაცი განალაგეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მეტი კი მოთავსებულია თადარიგში. ჩვენ გვაქვს 100-ზე მეტი რეაქტიული თვითმფრინავი მზადყოფნაში, რომლებიც იცავენ ჩვენს საჰაერო სივრცეს, და 120-ზე მეტი მოკავშირეთა გემი ზღვაზე, უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, მე-5 მუხლი ურყევია.

ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავიცვათ ალიანსი აგრესიისგან… რუსეთს ახლა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული მძიმე ხარჯები და შედეგები ელის. კრემლის მიზანია მისი გავლენის სფეროს აღდგენა, გლობალური წესების და იმ ღირებულებების დამხობა, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. მშვიდობა გარანტირებული არ არის. თავისუფლებას და დემოკრატიას ავტორიტარული რეჟიმები ეწინააღმდეგებიან. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ განახლებული გადაწყვეტილებებით და კიდევ უფრო ძლიერი ერთობით“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთმა კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის კარი დახურა და ალიანსი მუშაობს საპასუხო მოქმედებებზე.

„ჩვენ არ გვაქვს ყველა პასუხი დღეს, მაგრამ იქნება ახალი რეალობა და ახალი ევროპა დღევანდელი აგრესიის შემდეგ“, — დასძინა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატო არ გეგმავს ძალების განლაგებას უკრაინაში, არამედ აძლიერებს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგს და დაიცავს მოკავშირებს. ამასთან, მან თქვა, რომ ნატო ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსია, რაც რუსეთმა იცის და მას თავს არ დაესხმება.


რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. რუსულმა ჯარმა უკრაინას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, დედაქალაქ კიევისკენ შეუტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი