ახალი ამბები

უკრაინას ბელარუსის მხრიდანაც დაესხნენ თავს – სასაზღვრო სამსახური

24 თებერვალი, 2022 • 1617
უკრაინას ბელარუსის მხრიდანაც დაესხნენ თავს – სასაზღვრო სამსახური

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, უკრაინის საზღვრებს რუსულმა ძალებმა შეუტია არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან, არამედ ბელარუსიდანაც.

უწყების თანახმად, დაახლოებით დილის 5 საათზე უკრაინას თავს დაესხა რუსეთის ძალები, რომელთაც მხარს უჭერს ბელარუსიც.

„სასაზღვრო შენაერთებზე, პატრულებსა და საგუშაგოებზე შეტევა განხორციელდა არტილერიის, მძიმე და მსუბუქი შეიარაღების გამოყენებით“, – წერია უწყების განცხადებაში.

უწყების თანახმად, ეროვნულ გვარდიასთან ერთად, ისინიც ებრძვიან მოწინააღმდეგეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთისვე მიერ მართული და დამოუკიდებლად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიმართვის შემდეგ, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ოკუპაცია არ იგეგმება, თუმცა გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ იბომბება უკრაინის სხვადასხვა ქალაქები, მათ შორის, კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, ოდესა და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი