ახალი ამბები

“მკვლელისგან ვერ ავიღებ ხელფასს” – რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი გადადგა

24 თებერვალი, 2022 • 22985
“მკვლელისგან ვერ ავიღებ ხელფასს” – რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი გადადგა

რუსეთის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ელენა კოვალსკაია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ თეატრის დირექტორმა ინფორმაცია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დღეს, 24 თებერვალს გამოაქვეყნა.

“მეგობრებო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პროტესტის ნიშნად სახელმწიფო თეატრის [ЦИМ] დირექტორის თანამდებობას ვტოვებ. შეუძლებელია იმუშაო მკვლელისთვის და მისგან იღებდე ხელფასს”, – წერს კოვალსკაია.

დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — 24 თებერვლის ქრონოლოგია

მასალების გადაბეჭდვის წესი