ახალი ამბები

“უკრაინის სამხედრო პოტენციალის ნეიტრალიზაცია” – პესკოვი რუსეთის მიზნებს განმარტავს

24 თებერვალი, 2022 • 1234
“უკრაინის სამხედრო პოტენციალის ნეიტრალიზაცია” – პესკოვი რუსეთის მიზნებს განმარტავს

უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების ერთ-ერთი მიზანი, რუსეთისთვის უკრაინის „ნაცისტებისგან გაწმენდა“ და მისი “სამხედრო პოტენციალის ნეიტრალიზებაა”. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უთხრა.

პესკოვს დღეს პრესკონფერენცია ჰქონდა. ნეტგაზეთი Meduza-ზე დაყრდნობით გთავაზობთ  ჟურნალისტების კითხვებსა და პესკოვის პასუხებს.


„Kommersant FM-ის“ ჟურნალისტი: ხომ არ შეგიძლიათ დაგვისახელოთ [უკრაინაში] “სპეციალური ოპერაციის“ საბოლოო მიზანი და ვადები?

დიმიტრი პესკოვი: მიზნების შესახებ უკვე განაცხადა პრეზიდენტმა – უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. ერთიც და მეორეც წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის. ვადები დამოკიდებული იქნება შედეგიანობასა და მიზანშეწონილობაზე, რაც, რასაკვირველია, განისაზღვრება უმაღლესი მთავარსარდლის მიერ.

„Kommersant FM – ის“ ჟურნალისტი: უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ვგულისხმობდი იმ საზღვრებს, რომლამდეც რუსული სამხედრო ძალები გეგმავენ მისვლას დონბასისა და ლუგანსკის ძალების მხარდაჭერისას.

დიმიტრი პესკოვი: მე არ შემიძლია თქვენ გაგიზიაროთ ინფორმაცია ამ ოპერაციის სამხედრო, ტექნოლოგიური ან სხვა მდგენელის შესახებ. რაც უნდა იყოს, ამ შემთხვევაში პირველობის პალმის რტო და ერთადერთი პირველწყარო უნდა იყვნენ ჩვენი სამხედროები, ჩვენი თავდაცვის უწყება.

Bloomberg-ის ჟურნალისტი: როგორ ესმის კრემლს „დენაციფიკაციის“ ფორმულირება? გულისხმობს თუ არა კიევში ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობას?

დიმიტრი პესკოვი: იდეალურ შემთხვევაში უნდა გავათავისუფლოთ უკრაინა, გავწმინდოთ ის ნაცისტებისგან. პრონაცისტური განწყობის ადამიანებისა და იდეოლოგებისგან.

Bloomberg-ის ჟურნალისტი: უკრაინის პრეზიდენტსა და მის მმართველობას აქვს ასეთი პრონაცისტური განწყობები?

დიმიტრი პესკოვი: აქ თავს შევიკავებ რაიმე სახის სხვა განმარტებისგან.

Bloomberg-ის ჟურნალისტი: მზად არის რუსეთი შეაჩეროს საომარი ოპერაცია უკრაინის ტერიტორიაზე და რა პირობებში?

დიმიტრი პესკოვი: ოპერაციას აქვს თავისი მიზნები. ისინი უნდა იყოს მიღწეული. პრეზიდენტმა თქვა, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია, მიზნებს კი მივაღწევთ.

Bloomberg-ის ჟურნალისტი: ანუ გამოდის, რომ ოპერაციის ვადაზე ადრე შეჩერების შესახებ უახლოეს პერიოდში საუბარი არ იქნება?

დიმიტრი პესკოვი: ეს ჩემთვის უცნობია. ცხადია, ყველაფერი დამოკიდებულია უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებაზე. თუმცა ჩემთვის [ამასთან დაკავშირებით] ცნობილი არაფერია.

Bloomberg-ის ჟურნალისტი: რაც შეეხება დემილიტარიზაციას, პრეზიდენტის მოსაზრებით, ეს უკრაინის ჯარის სრულ განადგურებას ნიშნავს?

დიმიტრი პესკოვი: ეს, ცხადია, ნიშნავს სამხედრო პოტენციალის ნეიტრალიზაციას, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზარდეს, მათ შორის, უცხო ქვეყანათა აქტიური ქმედებების წყალობით.

Bloomberg-ის ჟურნალისტი: არის თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალების ლიკვიდაცია ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი?

დიმიტრი პესკოვი: მე ამაზე უკვე გიპასუხეთ.

CNN-ის ჟურნალისტი: რას ნიშნავს „ნაცისტებისგან გაწმენდა“ – იგულისხმება გარკვეული ორგანიზაციები თუ ნაცისტები ხელისუფლებაში? ვის გულისხმობთ?

დიმიტრი პესკოვი: ვერ დავაზუსტებ.

CNN-ის ჟურნალისტი: რუსეთის ხელისუფლების აზრით, უკრაინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს?

დიმიტრი პესკოვი: ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ვერ ვუპასუხებ ახლა ამ კითხვას.

RIA-ს ჟურნალისტი: ოპერაცია მხოლოდ დონბასისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე ჩატარდება თუ უკრაინის სხვა ნაწილებშიც?

დიმიტრი პესკოვი: ეს კითხვა სამხედროებს მიემართება.

RIA-ს ჟურნალისტი: ბელარუსი მონაწილეობს ამ ოპერაციაში რაიმე სახით?

დიმიტრი პესკოვი: ეს კითხვაც სამხედროებს.


დღეს დილით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი