უკრაინის ხელისუფლების ვებ-გვერდებზე, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სამხედრო ოპერაციის დაწყების პარალელურად, კიბერ-შეტევა განხორციელდა.

შეტევა განხორციელდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და სხვა სამინისტროების ვებ-გვერდებზე. შედეგად, ვებ-გვერდების ნაწილი შეფერხებებით მუშაობს, ნაწილი კი ხელმიუწვდომელია.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუ ვინ დგას კიბერ-შეტევების უკან, თუმცა წარსულში მსგავსი თავდასხმები განხორციელდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ქართულ ვებ-გვერდებზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთისვე მიერ მართული და დამოუკიდებლად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიმართვის შემდეგ, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ოკუპაცია არ იგეგმება.