ეკონომიკა

რა არის SWIFT, საიდანაც კიევი რუსეთის გათიშვას ითხოვს

24 თებერვალი, 2022 • 59613
რა არის SWIFT, საიდანაც კიევი რუსეთის გათიშვას ითხოვს

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ და მოკავშირეები რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაკისრებას განიხილავენ, რომელთა შორის SWIFT-ის  სისტემიდან მისი ამოგდებაცაა.

როგორც NBC-ს ფინანსური ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს დაახლოებით ისეთი მასშტაბის ფინანსური სანქციაა, როგორც შეიარაღებული კონფლიქტისას ბირთვული იარაღის გამოყენება და უპრეცედენტო ნაბიჯად ფასდება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის წინააღმდეგ.

რა არის SWIFT?

გამოცემა წერს, რომ SWIFT ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებაა, რომელიც 1973 წელს შეიქმნა და მისი სათავო ოფისი ბელგიაში მდებარეობს. მას აფასებენ, როგორც ბელგიის ეროვნულ ბანკს, რომელიც სხვა ძირითად ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობს, მათ შორის, აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემასთან, ბრიტანეთის ბანკსა და ევროპის ცენტრალურ ბანკთან.

თუმცა SWIFT ტრადიციული გაგების ბანკი არაა, რომელიც ფინანსების ტრანსფერისთვის გამოიყენება. ის დაცული სისტემაა, რომელიც ერთმანეთთან 11 000 ფინანსურ ინსტიტუტს აკავშირებს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. SWIFT ბანკებს აწვდის ინფორმაციას ტრანზაქციის განხორციელებისას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს სისტემა უზრუნველყოფს ბანკებს შორის ფულად ტრანზაქციებს. მის გარეშე რუსეთიდან და რუსეთში თანხების გადარიცხვა სხვდასხვაა ტრანზაქციისთვის, ვერ მოხდება.

2021 წელს, SWIFT-ის განცხადებით, დღეში საშუალოდ 42 მილიონი შეტყობინება გადიოდა მათ სისტემაში .

რა ეფექტი ექნება SWIFT-დან გათიშვას რუსეთისთვის?

NBC აღნიშნავს, რომ ევროპისა და აშშ-ის მიერ რუსეთის ამ ფინანსური სისტემიდან გაძევება ყველაზე მკაცრი ნაბიჯი იქნება, რისი გადადგმაც შესაძლებელია და ის რუსეთის ეკონომიკას დააზიანებს როგორც მყისიერად, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. რუსეთი ამ ნაბიჯის შემდეგ დაკარგავს საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობის უდიდეს ნაწილს, რაც აისახება ნავთობისა და გაზის წარმოებისგან მიღებულ სარგებელზეც, რომელიც ქვეყნის შემოსავლის 40%-ს შეადგენს.

აღნიშნული სანქციის გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელსაც განიხილავდნენ, როდესაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა. მაშინ რუსეთი აცხადებდა, რომ მისი SWIFT-დან გამოძევება ომის გამოცხადების ეკვივალენტი იქნებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სანქცია ირანის წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს [რამას მისი საგარეო ვაჭრობის 30% შეიწირა], თუმცა რუსეთის SWIFT-დან გაძევებამ შესაძლოა სხვა ქვეყნების ეკონომიკაც დააზიანოს, მათი, რომელთა საფინანსო ინსტიტუტები რუსულ საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობენ.

Sky news-ის თანახმად,  რუსეთის SWIFT-დან გათიშვით რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტად გერმანია და აშშ იზარალებენ, რადგან მათი ბანკები ყველაზე მეტად თანამშრომლობენ რუსულ ბაანკებთან ამ სისტემის გავლით. ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ დეპუტატებს განუცხადა, რომ ბრიტანულ ბანკებს ძალიან უმნიშვნელო შეხება აქვთ რუსეთთან.

რა პოზიციები აქვთ მსოფლიო ლიდერებს?

წყაროებზე დაყრდნობით, Financial Times წერს, რომ მსოფლიო ლიდერების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ორადაა გაყოფილი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამ იდეის მხარდამჭერია. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კი აცხადებდა, რომ მის ქვეყანას ,ისევე როგორც ევროკავშირს, ჰქონდა ეჭვები ასეთ დრამატულ ნაბიჯთან დაკავშირებით.

გამოცემა წერს, რომ მხარდამჭერთა შორის ასევე არიან ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი. მხარდამჭერებს შორისაა ჩეხეთიც. გამოცემის მიხედვით, ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ აქვს სურვილი, ევროკავშირმა რუსეთს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს, მათ შორის მისი საბანკო სისტემები SWIFT-დან გააძევონ ,რადგან მისი შეფასებით, ეს პუტინის იზოლირებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

CNN კი აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეთა შორის, გერმანიის გარდა, არის იტალია, უნგრეთი და კვიპროსი – ქვეყნები, რომლებსაც რუსეთთან მჭირდო ეკონომიკური კავშირები აქვთ.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას ამ ეტაპზე არ ემხრობიან ევროპული სახელმწიფოები.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იყო ნახსენები ეს ზომა დამატებით სანქციებს შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„ჩვენ მიერ შეთავაზებულმა სანქციებმა მათ ბანკებზე შეიძლება, SWIFT-დან გამორთვაზე უფრო სერიოზული ეფექტიც კი იქონიოს. ეს ვარიანტი [SWIFT-დან გათიშვა] ყოველთვის გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ევროპას არ სურს ამ პოზიციის დაკავება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი