ახალი ამბები

160 ჯავშანტექნიკა, 5 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი –– უკრაინა რუსეთის დანაკარგს აჯამებს

25 თებერვალი, 2022 • 3224
160 ჯავშანტექნიკა, 5 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი –– უკრაინა რუსეთის დანაკარგს აჯამებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები აჯამებს ომის პირველ დღეს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მტრის სავარაუდო დანაკარგია:

  • 30 ერთეულზე მეტი ტანკი
  • 130 ერთეულამდე ჯავშანტექნიკა
  • 5 თვითმფრინავი
  • 6 ვერტმფრენი

„რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის მე-19 საათი გრძელდება. 25 თებერვალს, 00:00 საათისთვის, თავდაცვის ძალების ჯგუფი სამხრეთით ორგანიზებულ თავდაცვით ოპერაციას ახორციელებს. ხერსონის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიაზე თავდაცვითი ბრძოლები მიმდინარეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზებულმა ნაწილებმა დაიბრუნეს საგზაო ხიდი და დამკვიდრდნენ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ჩვენმა მექანიზებულმა ქვედანაყოფებმა რიკოვის რაიონში დაამარცხეს მტრის ძალები.
თავდაცვითი ბრძოლები მიმდინარეობს სევერსკის მიმართულებით პერემოჰას და ჰლუხივის რაიონებში. პირველი სატანკო ბრიგადის ნაწილებმა მდინარე ბელოუსზე ჩერნიგოვის მიმართულებით შეაჩერეს ოკუპანტების ძალები.
ვოლჰინიაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზებულმა ნაწილებმა დაიკავეს პოზიციები გარკვეულ საზღვრებზე მტრის შეტევის მოსაგერიებლად. სლობოჟანშჩინას რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფი ახორციელებს თავდაცვას დოვჟანკას, ხარკოვის, ოხტირკისა და სუმის დასახლებების რაიონებში.
თავდაცვითი ბრძოლები მიმდინარეობს ვოვჩანსკის, ბილი კოლოდიაზისა და პრიკოლოტნის რაიონებში. ოხტირკაში უშიშროების ნაწილებმა შეაჩერეს მტრის მორიგი შეტევა“, — ნათქვამია უკრაინის სახმელეთო ჯარების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალები აგრძელებენ ბრძოლას შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

„ოდესის, იუჟნის, ოჩაკოვისა და შავი ზღვის ბაზები და პორტები დაცულია. გარკვეული ძალები და საშუალებები გადავიდა ქალაქ კიევის დასაცავად. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები იგერიებენ მტრის საჰაერო თავდასხმებს, ახორციელებენ მუდმივ დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, დარტყმებს საოკუპაციო ჯარების სვეტებზე ნოვა ზბურივკას, კუპიანსკის, ნოვა კახოვკას რაიონებში და მტრის დაშვებას გოსტომელის აეროდრომთან. ზოგიერთ რაიონში საომარი მოქმედებების შედეგად გაერთიანებული ძალების ჯგუფებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში აღადგინეს პოზიცია ფრონტის ხაზზე. ცალკეული ქვედანაყოფების პასუხისმგებლობის არეალში მტერი ცდილობს ჩვენი ჯარების საბრძოლო ფორმირებებში, ოცეულის ბაზების სიღრმეში შეჭრას“, — ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა და 169 დაიჭრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი