ახალი ამბები

“მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი ემუქრება” — რუსეთის თავდაცვა

24 თებერვალი, 2022 • 1637
“მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი ემუქრება” — რუსეთის თავდაცვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი ემუქრება. უწყების ეს კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო.

“სამხედრო ინფრასტრუქტურა, საჰაერო თავდაცვის ობიექტები, სამხედრო აეროდრომები, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაცია მწყობრიდანაა გამოყვანილი მაღალი სიზუსტის იარაღით“, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების სიტყვებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს არ ახორციელებენ და “არაფერი ემუქრება მშვიდობიან მოსახლეობას”.

პუტინმა 24 თებერვალს გამოაცხადა, რომ უკრაინაში იწყებს „სამხედრო ოპერაციას“, რომლის მიზანი სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის დაცვა, ასევე, “უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა”.

უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე, მასობრივი თავდასხმა დაიწყო, ისმის აფეთქებების ხმები. ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების ცნობით, იბომბება სტრატეგიული სამხედრო ობიექტები.

მოსკოვის მიერ ომის დაწყებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — 24 თებერვლის ქრონოლოგია

მასალების გადაბეჭდვის წესი