ახალი ამბები

რუსი დიქტატორი ვერასდროს დაამარცხებს უკრაინელთა ეროვნულ გრძნობას – ჯონსონი

24 თებერვალი, 2022 • 961
რუსი დიქტატორი ვერასდროს დაამარცხებს უკრაინელთა ეროვნულ გრძნობას – ჯონსონი

გაართიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, უკრაინელ ხალხს უცხადებს და ევროპის ქვეყნებს სანქციებისკენ და რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდებს.

მიმართავში ბორის ჯონსონი ვლადიმერ პუტინს უწოდებს „დიქტატორს“, ხოლო შეჭრას- „უგუნური აგრესიის გამოხატულებას“. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ მისი მიმართვის თარგმანს:

„დილის 4 საათისთვის მე ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზელენსკის, რათა გამომეხატა გაერთიანებული სამეფოს ერთგული მხარდაჭერა, რადგან ჩვენი ყველაზე უარესი შიშები, ყველა ჩვენი გაფრთხილება ტრაგიკული სიზუსტით აგვიხდა.

რუსეთის პრეზიდენტმა [ვლადიმერ] პუტინმა ომის ქარიშხალი დაატეხა ჩვენს ევროპის კონტინენტს. ის თავს დაესხა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, ყოველგვარი პროვოკაციის, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. სრულიად უდანაშაულო მოსახლეობას თავს დაატყდა რაკეტებისა და ბომბების წვიმა. მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი შეჭრა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მიმართულებით.

და ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც შეგვიძლია გამოვიყენოთ სამარცხვინო ფრაზა, რომ „საუბარია შორს მდებარე ქვეყანაზე, რომელზეც ბევრი არაფერი ვიცითო“. ჩვენ უკრაინელი მეგობრები გვყავს ამ ქვეყანაში, მეზობლები, თანამშრომლები.

უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა თავისუფლებითა და დემოკრატიით, სარგებლობდა უფლებით, აერჩია საკუთარი ბედი.

ჩვენ და მსოფლიოს არა გვაქვს უფლება, დავუშვათ, რომ ეს თავისუფლება დაასამარონ. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ გვერდზე გავიხედოთ და ასე არც მოვიქცევით.

რუსეთის მიერ უკრაინის დაშინების ფონზე, გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც უკრაინელებს თავის დასაცავად თავდაცვითი იარაღი გაუგზავნა. ასე მოიქცნენ შემდეგ სხვა მოკავშირეებიც და მომდევნო დღეებში ჩვენ კიდევ გავაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია.

დღეს მოკავშირეებთან ერთად შევთანხმდებით ეკონომიკური სანქციების მასიურ პაკეტზე, რომლის მიზანიც იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის ფეხების შეკვრა.

და ამ მიზნით ჩვენ კოლექტიურად უნდა შევამციროთ დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე, რამაც მეტისმეტად დიდხანს შეუნარჩუნა პუტინს გავლენა დასავლურ პოლიტიკაზე.

ჩვენი მისია ცხადია: დიპლომატიურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და, საბოლოოდ, სამხედრო ძალით, ვლადიმერ პუტინის ეს საზიზღარი, ბარბაროსული წამოწყება კრახით უნდა დასრულდეს.

ასე რომ, მივმართავ რუსეთის მოსახლეობას, რომლის პრეზიდენტმაც ახლახან გასცა სანქცია მონათესავე სლავი ხალხის ძალადობაზე; მშობლებს რუსი ჯარისკაცებისა, რომლებიც სიცოცხლეს დაკარგავენ: მე არ მჯერა, რომ ეს თქვენი სახელით კეთდება, ან ის, რომ თქვენ მართლაც გსურთ განდევნილის სტატუსი, რასაც ეს ქმედებები ვლადიმერ პუტინის რეჟიმს მოუტანს.

მივმართავ უკრაინელ ხალხს ამ რთულ დროს: ჩვენ თქვენ გვერდით ვართ; ჩვენ ვლოცულობთ თქვენი და თქვენი ოჯახებისთვის და თქვენ მხარეს ვართ. და თუკი მომდევნო თვეები პირქუშად მოსჩანს და თავისუფლების ნაკვერჩხალი სუსტად ბჟუტავს, ვიცი, რომ ის კვლავ აგიზგიზდება უკრაინაში. რადგან თავისი ყველა ბომბის, ტანკისა თუ რაკეტის მიუხედავად, არ მჯერა, რომ რუსი დიქტატორი ოდესმე დაამარცხებს უკრაინელთა ეროვნულ გრძნობას და მათ მგზნებარე სურვილს, იყვნენ თავისუფალნი.

მივმართავთ ბრინტანელ ხალხს და ყველას, ვინც მოისმინა მუქარა მათ მიმართ, ვინც უკრაინას გვერდში უდგას: ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვიზამთ, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ განრისხებულები გვიერთდებიან მეგობრები და პარტნორები მთელ მსოფლოში. ვიმუშავებთ მათთან იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუდეკიდებლობის აღსადგენად.

რადგან უგუნური აგრესიის ეს გამოხატულება არის თავდასხმა არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ დემოკრატიასა და თავისუფლებაზე აღმოსავლეთ ევროპასა და მსოფლიოში. ეს კრიზისი უკავშირდება თავისუფალი, დამოუკიდებელი, ხალხის ნებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი. და ეს არის უფლება, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ყოველთვის დაიცავს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი