კომენტარი

ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

27 თებერვალი, 2022 • 4229
ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

რა ხდება უკრაინაში, სადაც მეოთხე დღეა შეიჭრა რუსეთი და ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს?

წუხელ  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა ახალი სანქციები, მათ შორის  რუსული ბანკების „გარკვეული რაოდენობის“ SWIFT-დან გათიშვა. სწორედ ამას სთხოვდა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დასავლეთს.

მნიშვნელოვანი დეტალები: 

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დააწესეს მძიმე ეკონომიკური სანქციები. 
  • გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს მიაწვდის;
  • პოლონეთმა განაცხადა, რომ უკრაინა სწრაფად უნდ აგახდეს ევროკავშირის წევრი; 

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ 27 თებერვლის სიახლეებს უკრაინაში მიმდინარე ომის  შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ. 

მოვლენებს განახლებად რეჟიმში  შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ნეტგაზეთის ტელეგრამის არხზე: https://t.me/ambebiukrainidan

ამბებს რუსულ ენაზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და გაუზიაროთ მეგობრებს უკრაინაში ნეტგაზეთის რუსული ვერსიიდან: ru.netgazeti.ge 


28 თებერვალი

02:22 — ძალიან ბევრი სფეროა, სადაც ერთად ძალიან ახლოს ვმუშაობთ და ცხადია, გარკვეულ პერიოდში ისინი ჩვენთან იქნებიან. ის [უკრაინა] ერთ-ერთი ჩვენგანია და ჩვენ გვსურს მათთან“, — თქვა ევროკომიის პრეზ ლაიენმა ევრონიუსთან ინტერვიუში.

02:15 — საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა საკუთარი გავლენები მეზობელ ქვეყნებზე მათ შორის, საქართველოსა და მოლდოვაზე გაზარდოს და მხოლოდ უკრაინაზე არ შეჩერდეს.

01:33  — უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამ დრომდე, სულ მცირე, 352 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის, 14 ბავშვია.

01:21 — საინფორმაციო სააგენტო Reuters სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს, რომელზეც კიევისკენ მიმავალი რუსული სამხედრო კოლონაა ასახული.

როგორც გამოცემა წერს, ფოტოები დღეს, კერძო ამერიკული კომპანია Maxar Technologies-ის მიერაა გადაღებული კიევიდან დაახლოებით 64 კილომეტრში და მასზე ასობით სამხედრო ტექნიკაა ასახული, რომელიც 5 კილომეტრს იკავებს.


01:12 — რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ სამგზავრო თვითმფრინავი კანადის საჰაერო სივრცეში შესვლამდე, გრენლანდიის თავზე, უკან, მოსკოვში მიაბრუნეს. რისი  SU124 მოსკოვიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა.

01:10 — ბელარუსში, რომლის ხელისუფლებამაც ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად რეფერენდუმი ჩაატარა, მოქალაქეთა ჯგუფებმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა გააპროტესტეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 27 თებერვლის პროტესტი ზოგიერთი ქალაქის საარჩევნო უბნებთან დაიწყო, შემდეგ კი მიმდებარე ქუჩებში გაგრძელდა. არაერთი ადამიანი პოლიციამ დააკავა.

01:02 — Silknet-ზე კრემლის პროპაგანდისტული არხების ნაწილი გათიშულია.

00:41 — ომის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე რუსეთის მასშტაბით 4 დღეში 6 000-მდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN OVD-Info-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

00:22 — აშშ და საფრანგეთი მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

27 თებერვალი

23:22 — რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ოლეგ ანისიმოვმა ბოდიში მოიხადა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომისთვის.

22:54 — შვედეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, საბჭოთა კავშირის მიერ ფინეთში შეჭრის შემდეგ, პირველად უგზავნის უცხო ქვეყანას სამხედრო დახმარებას.

22:24  — უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში ყოველდღიურად იმართება აქცია უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერად.

21:33 — თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს  თქმით, თურქეთი აამოქმედებს 1936 წლის მონტრეს კონვენციის მე-19 მუხლს, რის საფუძველზეც შავ ზღვაში არ შეუშვებს სამხედრო გემებს.

21:32 — უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, ბრიტანულ ენერგო-კომპანიას, BP-ის რუსული კომპანია Rosneft-დან საკუთარი, თითქმის 20-პროცენტიანი წილი გააქვს.

21:07 — ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო საკუთარ საჰაერო სივრცეს რუსული ავიახაზებისთვის ჩაკეტავს.

გარდა ამისა, ევროკავშირი დააფინანსებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და აკრძალავს იმ მედიასაშუალებას, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტულ საშუალებებს წარმოადგენენ.

20:45 – უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი იენინის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები, ხვალ, ორშაბათს, დილით გაიმართება.

19:15 — ბერლინის ცენტრში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. გერმანიის პოლიციის თანახმად, დემონსტრანტებმა მთლიანად შეავსეს ადგილი, რომელიც აქციისთვის იყო განსაზღვრული, რის შემდეგაც დამატებითი სივრცეების გამოთავისუფლება გახდა საჭირო.

17:56 — უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა თანახმაა რუსეთს ბელარუსის საზღვართან ახლოს შეხვდეს და ესაუბროს.

ეს გადაწყვეტილება მან ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ მიიღო.

17:36 — რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის უფროსთან – ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას, შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ გასცა ბრძანება.

17:30 — ბაქოში  ასობით მოქალაქე – სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების  წარმომდგენლები, ჟურნალისტები, აზერბაიჯანში უკრაინის საელჩოსთან მხარდაჭერის გამოსახატად მივიდნენ და რუსეთის მიერ უკრაინაში  შეჭრა დაგმეს.

17:17 — რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი, რომელიც ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, ამბობს, რომ უკვირს ეს გადაწყვეტილება და მას ანტისემიტიზმს უკავშირებს.

საუბარია რამდენიმე პროპაგანდისტსა, ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა შორის მოხვდნენ.

17:02 – რუსეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა, შესაძლოა, შეიცავდეს სახელმწიფო ღალატის ნიშნებს და შესაბამისად, ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით.

პროკურატურა დასძენს, რომ ყველა ფაქტს შეისწავლის. გუშინ ცნობილმა რუსმა მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ პუტინის გააკრიტიკა და პროტესტის ნიშნად, უკრაინის ჯარს 10 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა.


16:57 – „ვითიბი ბანკ ჯიორჯიას“ არსებულ სასესხო და სადეპოზიტო პორტფელს „ბაზისბანკი“ ყიდულობს.

VTB ამ გადაწყვეტილებას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესების დაცვით ხსნის.

16:38 – ავიაკომპანია Wizz Air აუქმებს ყველა ფრენას რუსეთის მინართულებით, მათ შორის სანკტ-პეტერბურგის, მოსკოვისა და ყაზანის მიმართულებით.

15:30 -გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ იგი „აბსოლუტურად უჭერს მხარს იმ ბრიტანელებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებენ.

15:20 – გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში უკრაინის შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავდაცვის ბიუჯეტს € 100 მილიარდით ზრდის.

13:52 ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, უკრაინაზე თავდასხმის გამო, ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის წოდება შეუჩერა.

13:35 ფინეთი და ირლანდია შეუერთდნენ იმ ქვეყანათა რიგ, რომელთაც რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.

12:10 უკრაინული მხარის თანახმად, ჩამოაგდეს კიევის მიმართულებით გასროლილი მართვადი რაკეტა.

12:00 დიმიტრი პესკოვის საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მოლაპარაკებისთვის ბელარუსში არ ჩავა.

„ჩვენ რა თქმა უნდა, გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა შეხვედრები, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო – ყველა ეს ქალაქი ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს. და ისეც, ნებისმიერი ქალაქი გვაწყობს, ნებისმიერი ტერიტორია, სადაც რაკეტები არ დაფქინავენ. მხოლოდ ასე შეიძლება სამართლიანი მოლაპარაკებების წარმოება. და მხოლოდ ასე შეიძლება ომის დასრულება,“ – თქვა მან.

11:47 პოლონეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფის მატჩებს რუსეთთან, უკრაინაში შეჭრის გამო, პროტესტის ნიშნად, აღარ გამართავს.

10:30 უკრაინული მხარის თანახმად, რუსული აგრესიის დაწყებიდან, მოწინააღმდეგემ დაკარგა 16 თვითმფრინავი, 18 ვერტმფრენი, 102 ტანკი, 540-ზე მეტი საბრძოლო მანქანა, 1 Buk-ის სარაკეტო სისტემა და 20-ზე მეტი საავტომობილო ტექნიკა.

10:20 ხარკოვის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ქალაქში შევიდა მოწინააღმდეგის მსუბუქი ტექნიკა. მისი განცხადებით, უკრაინული არმია მტერს ანადგურებს.

10:00 ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც „Anonymous“-ის სახელითაა ცნობილი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდზე კიბერ-თავდასხმა განახორციელა.

04:56 ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შემდეგ გაზსადენი აფეთქდა.

03:57 უკრაინის ქალაქ ვასილკოვში რუსეთმა ნავთობის საცავი აფეთქა, გაჩნდა ძლიერი ხანძარი.

00.20 ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა დასავლეთის ახალი სანქციების რუსეთის წინააღმდეგ, რაც ითვალისწინებს რუსული ბანკების „გარკვეული რაოდენობის“ SWIFT-დან გათიშვას; რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას და რუს ოლიგარქებისთვის დასავლეთის ბაზარზე წვდომის შეზღუდვას.

00.19 უკრაინის თავდაცვის ძალების სარდლობა აჯამებს სხვადასხვა დანაკარგს, რომელიც, მისი თქმით, რუსეთმა უკრაინასთან ომში 26 თებერვალს განიცადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი