ახალი ამბები

“არა ომს” — პროტესტი ბელარუსის ქუჩებში

28 თებერვალი, 2022 • 1869
“არა ომს” — პროტესტი ბელარუსის ქუჩებში

ბელარუსში, რომლის ხელისუფლებამაც ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად რეფერენდუმი ჩაატარა, მოქალაქეთა ჯგუფებმა გააპროტესტეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 27 თებერვლის პროტესტი ზოგიერთი ქალაქის საარჩევნო უბნებთან დაიწყო, შემდეგ კი მიმდებარე ქუჩებში გაგრძელდა.

აქტივისტთა ცნობით, პოლიციამ მრავალი დემონსტრანტი დააკავა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელიც 28 წელია ქვეყანას მართავს, კონსტიტუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა სურს. მათი დამტკიცების შემთხვევაში — რაც დიდი ალბათობით მოხდება ქვეყანაში დამყარებული ავტორიტარული მმართველობის ფონზე — ბელარუსს ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი მოეხსნება.

ბელარუსმა ბირთვული იარაღი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დათმო, თუმცა, ცვლილებების ძალით, შესაძლოა, ეს რეალობა შეიცვალოს. პროცესი ყურადღებას იქცევს ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განსაკუთრებული დაახლოების ფონზე.

საარჩევნო უბანზე ყოფნისას ლუკაშენკომ თქვა, რომ შესაძლოა, რუსეთს სთხოვოს ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის დაბრუნება.

“თუ შენ[დასავლეთს] შეგიძლია, პოლონეთსა და ლიეტუვაში, ჩვენს საზღვრებთან გადაიტანო ბირთვული იარაღი, მაშინ მე მივმართავ პუტინს, დამიბრუნოს ის ბირთვული იარაღი, რომელიც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დავთმე”, — ციტირებს ლუკაშენკოს სააგენტო Reuters.

გასულ კვირას, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, მისი ჯარის ნაწილი უკრაინაში სწორედ ბელარუსიდან შეიჭრა. ამასთან, ლუკაშენკომ აღიარა, რომ ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით იყო „2-3 სარაკეტო დარტყმა“, ოღონდ მხოლოდ „კონფლიქტის დასაწყისში“.

ბელარუსელთა ნაწილმა გამოიყენა 27 თებერვლის რეფერენდუმი პროტესტის გამოსახატად. დამოუკიდებელი ბელარუსული გამოცემის, Zerkalo.io-ს თანახმად, ომით უკმაყოფილო მოქალაქეებმა საარჩევნო უბნებთან შუადღისას მოახდინეს მობილიზება.

შედეგად, მინსკში, ჟოდინოში, გროდნოსა და სხვა ქალაქების საარჩევნო უბნებთან რიგები დადგა. Zerkalo.io-ს მიხედვით, მოქალაქეები სკანდირებდნენ “არა ომს”, “დიდება უკრაინას” და “გაუმარჯოს ბელარუსს”.

ერთ-ერთი ვიდეოს მიხედვით, პროტესტის მონაწილე ქალი სკანდირებდა: “უკრაინა, ბელარუსელები შენთან არიან”.

მოგვიანებით, მოქალაქეთა ნაწილმა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიიდან სხვა ქუჩებზე გადაინაცვლა, ავტომანქანების მძღოლები კი პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობას სიგნალებით უცხადებდნენ.

ბელარუსში აქციები იშვიათად ტარდება 2020 წლის მასშტაბური პროტესტის შემდეგ, რომელიც მოჰყვა საკამათო საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებულად გამოცხადებას. დემონსტრაციებს ხელისუფლებამ დაკავებებითა და ძალადობით უპასუხა, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების ფონზე კი ლუკაშენკო უფრო მეტად დაუახლოვდა პუტინს.

27 თებერვალს ომის გაპროტესტებისკენ ბელარუსელებს მოუწოდა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, 2020 წლის აგვისტოს არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარმა კონკურენტმა, რომელიც ამჟამად დევნილობაში იმყოფება.

“დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდი, როგორ დამეწყო ეს მიმართვა. რადგან როგორ შეიძლება, მამაცური მოქმედებები მოითხოვო ხალხისგან, რომელიც 1.5 წელია შიშში ცხოვრობს” ,— მიმართა ტიხანოვსკაიამ ბელარუსელებს რეფერენდუმამდე.

“ომი, რომელშიც შეგვათრიეს, ორი დღის წინ დაიწყო. მაგრამ ბელარუსელებს ამ დრომდე არ განუცხადებიათ საჯაროდ, რომ ისინი ამ [ომის] წინააღმდეგნი არიან. მათ ეს არ უჩვენებიათ უკრაინელებისთვის თავიანთი მოქმედებებით.

ასე რომ,  ხომ მაქვს უფლება, მოვითხოვო თქვენგან მოქმედება? შესაძლოა, არა. თუმცა საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, რომ არ შევეცადო”, — დასძინა მან.

უკვე 27 თებერვალს, როცა ზოგიერთი ბელარუსელი საპროტესტოდ გამოვიდა, ეს სიტყვები აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, 45 წლის ქალმაც გაიმეორა.

“ეს არის მცირედი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ტერორისა და საშინელების პირობებში, რომელშიც ვცხოვრობთ. მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი, რომ რამის გაკეთება არ მეცადა”, — ციტირებს მას სააგენტო Reuters.

პოლიციამ მოქალაქეებს არ მისცა პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის, Viasna-ს მიხედვით, ომის საწინააღმდეგო აქციებზე, სულ მცირე, 440 ადამიანი დააკავეს.

რეფერენდუმთან დაკავშირებით ბელარუსელებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა.

“ეს არის დე ფაქტო რეფერენდუმი თქვენთვის, თქვენ წყვეტთ, ვინ ხართ და ვინ იქნებით, როგორ შეხედავთ თვალებში თქვენს შვილებს, ერთმანეთს, მეზობლებს – უკრაინელებს. იყავით ბელარუსი და არა რუსეთი.

…4 დღის წინ ბელარუსის ტერიტორიიდან წამოვიდა სამხედრო შეტევა, კიევს 4 საათზე თავს დაესხნენ მაშინ, როდესაც თქვენ გეძინათ, ჩემო ბელარუსებო. ჩვენ მაშინ გაგვეღვიძა და თქვენ ახლაც გძინავთ. ჩვენ იმ დროიდან აღარ ვიძინებთ იმიტომ, რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის, რადგან ამის სრული უფლება გავქვს.

გააკეთეთ სწორი არჩევანი, ეს არის მთავარი არჩევანი თქვენი დიდებული ერის”, — დასძინა მან.

ზემოხსენებული საკონსტიტუციო ცვლილებები არა მხოლოდ ბირთვულ იარაღს, არამედ თავად ლუკაშენკოს მომავალსაც ეხება. შესწორებები მას საშუალებას აძლევს, 2035 წლამდე დარჩეს თანამდებობაზე, ხოლო მას შემდეგ, რაც პოსტს დატოვებს, სამართლებრივი დევნისაგან უვადო იმუნიტეტს ანიჭებს.

ფოტო გარეკანზე: სქრინები БЕЛСАТ NOW-ს ვიდეოდან

https://batumelebi.netgazeti.ge/news/392635/

მასალების გადაბეჭდვის წესი