ახალი ამბები

აშშ და საფრანგეთი მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებენ

28 თებერვალი, 2022 • 1896
აშშ და საფრანგეთი მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი.

როგორც CNN წერს,აშშ-ის საელჩომ მოუწოდა რუსეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ განიხილონ რუსეთის დატოვება. საელჩო აღნიშნავს, რომ მოწოდება უკავშირდება რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ დაწესებულ სანქციებს:

„ავიაკომპანიების მზარდი რიცხვი აუქმებს ფრენებს რუსეთისკენ და რუსეთიდან. ბევრმა ქვეყანამ რუსეთს საკუთარი საჰაერო სივრცე დაუკეტა. აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა განიხილონ რუსეთიდან დაუყოვნებლივ წამოსვლა სანამ კომერციული ფრენები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

მსგავსი მოწოდება გააკეთა საფრანგეთმაც. საფრანგეთის საგარეო სამინისტროს თქმით, ისინი მოუწოდებენ საფრანგეთის მოქალაქეებს, დაყოვნების გარეშე მიიღონ რუსეთიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება და ურჩევენ, თავი შეიკავონ ბელარუსში მოგზაურობისგანაც.

აღნიშნული განცხადებაც უკავშირდება საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და კომერციული ფრენების გაუქმებას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო საკუთარ საჰაერო სივრცეს რუსული ავიახაზებისთვის ჩაკეტავს.

რუსეთმა სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაიწყო და მას მერე ცდილობს არაერთი ქალაქის, მათ შორის, კიევის აღებას. რუსეთი უკრაინას რამდენიმე მხრიდან უტევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი