რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი, რომელიც ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, ამბობს, რომ უკვირს ეს გადაწყვეტილება და მას ანტისემიტიზმს უკავშირებს.
საუბარია რამდენიმე პროპაგანდისტსა, ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა შორის მოხვდნენ.
ცნობილია, რომ სოლოვიოვი ევროპაში ვილას ფლობს.
„მე ჩემს მაგალითზე ვიცი, რა არის „საკუთრების წმინდა უფლება“. მე მომქონდა დოკუმენტები, სადაც ვაჩვენებდი, რომ მე ყველაფერი ოფიციალურად მქონდა, რომ მაქვს „თეთრი ხელფასი“, შემოსავალი.. ყველაფერს ვაკეთებდი. ვაჩვენე, რომ ვიყიდე, გადასახადები გადავიხადე… ყველაფერი ვქენი, მოკლედ.
და უცბად, ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჟურნალისტი უცბად სანქცირებულთა სიაში ხვდება. და იქვე, შენივე საკუთრებას [ურტყამენ].. მოიცადეთ, მე არ მისარგებლია არც ერთი „ნაცრისფერი სქემით“, ყველაფერი სამართლიანად ვქენი. თქვენ ხომ გვიყვებოდით, რომ ევროპაში წმინდაა საკუთრების უფლება?!,“ – თქვა სოლოვიოვმა მისსავე გადაცემაში, რომელიც „რასია 1-ზე“ პარასკევს გავიდა.
ამ განცხადების შემდეგ სოლოვიოვმა მიმართა ევროპელებს და უთხრა – „იქნებ პირდაპირ დავითის ვარსკვლავი მივიკრა, რომ დაინახო და ყველა რუსმა – ურო და ნამგალი?!“ და დასძინა, რომ ევროპა რუსებს კვლავ ზემოდან უყურებს.
„მაგრამ ჩვენ ებრაელებმა ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ, თქვენ ცივილურ ევროპაში ცოტა აზრზე მოდით რა გინდათ ჩვენგან? ჩვენ მაინც ჩავატარებთ უკრაინაში „დენაციფიკაციას“, თქვენ კი ჩამოყალიბდით, რა გინდათ?!“ – დასძენს ის.
“დენაციფიკაცია” და “ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლა” უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი პროპაგანდისტული ხაზია. რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ქვეყანას ნაცისტები მართავენ. ამაზე ისტორიკოსტმა ტიმოთი სნაიდერმა დაწერა, რომ სინამდვილეში რუსეთი “დენაციფიკაციის” სახელით თავს ესხმის ქვეყანას [უკრაინას], რომელმაც პრეზიდენტად, დემოკრატიულ წესით, არჩევნებით აირჩია ებრაელი [ვოლოდიმირ ზელენსკი].
23 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის მიერ 351 დეპუტატს და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შორის, სანქცირებულთა სიაში არიან დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა, სამთავრობო მედიის „Russia Today“ ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი. ამ უკანასკნელს, ალექსეი ნავალნის გამოძიების თანახმად, იტალიაში, ტბა კომოსთან რამდენიმემილიონიანი ვილა აქვს.