ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში ასობით მოქალაქე უკრაინაში რუსეთის შეჭრას აქციით აპროტესტებს

27 თებერვალი, 2022 •
ბაქოში ასობით მოქალაქე უკრაინაში რუსეთის შეჭრას აქციით აპროტესტებს

ბაქოში  ასობით მოქალაქე – სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების  წარმომდგენლები, ჟურნალისტები, აზერბაიჯანში უკრაინის საელჩოსთან მხარდაჭერის გამოსახატად მივიდნენ და რუსეთის მიერ უკრაინაში  შეჭრა დაგმეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო turan-ი წერს, აქციის მონაწილეები ყვიროდნენ: “რუსეთი პუტინის გარეშე”, “არა ომს”, “სლავა უკრაინე”, “ეს არ არის რუსი ხალხის ომი, ეს პუტინის ომია, “აზერბაიჯანმა გამოიღვიძა,ისუკრაინას უჭერს მხარს” და ა.შ.

დემონსტრანტებმა საკუთარ განცხადებაში დაგმეს რუსული ჯარის შესვლა უკრაინაში.

“პატივს მივაგებთ უკრაინის დაცვისთვის დაღუპულებს. რუსულმა საოკუპაციო  ჯარებმა უნდა დატოვონ უკრაინის ტერიტორია. ვითხოვთ, პუტინი, ისევე როგორც რუსი ოფიციალური პირები, წარდგნენ საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის  წინაშე”.

აზერბაიჯანის პოლიციას აქციის გამართვისთვის ამჯერად ხელი არ შეუშლია.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბაქოში; ფოტო: turan.az

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი