ახალი ამბებიეკონომიკა

VTB ბანკის სასესხო და სადეპოზიტო პორტფელს ბაზისბანკი ყიდულობს

27 თებერვალი, 2022 • 4678
VTB ბანკის სასესხო და სადეპოზიტო პორტფელს ბაზისბანკი ყიდულობს

„ვითიბი ბანკ ჯიორჯიას“ არსებულ სასესხო და სადეპოზიტო პორტფელს „ბაზისბანკი“ ყიდულობს.

VTB ამ გადაწყვეტილებას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესების დაცვით ხსნის.

„სს „ვითიბი ბანკ ჯიორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე.

ვითიბი ბანკ ჯორჯიას ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება ბაზისბანკის მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც ბაზის ბანკის, აგრეთე ვითიბი ბანკის ფილიალებში“, – ორი ბანკის საერთო განცხადებაში.

„ბაზისბანკის“ გენერალური დირექტორის, დავით ცაავას განცხადებით, ეს უკანასკნელი გადაიბარებს VTB-ის საცალო ფილიალებსაც.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბაზისბანკის სტრატეგიულ მიმართულებას საცალო ბიზნესის ზრდა და მომსახურების ქსელის გაფართოება წარმოადგენს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადმოვიბაროთ ვი თი ბი ბანკის საცალო ბიზნესი, რომელიც მიოცავს, საცალო ფილიალებს, დეპოზიტებს, მიმდინარე და საბარათე ანგარიშებსა და საცალო საკრედიტო პორტფელის მომსახურებას„ – აცხადებს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა.

ბაზისბანკი ჩინური ჰუალინგ ჯგუფის წევრია.

მას შემდეგ, რაც რუსული ბანკებს, მათ შორის VTB ჯგუფს დასავლური სანქციები დაუწესდათ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ ბანკის მეანაბრეებისა და მომხმარებელების ინტერესების დასაცავად, დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად იყო, ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი