საზოგადოება

კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ | მარტივად ახსნილი

1 დეკემბერი, 2023 • 2616
კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ | მარტივად ახსნილი

საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური, წარსულში კი მმართველი პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უკვე თვეებია, შიდა კონფლიქტის პირობებში მოქმედებს.

სიმარტივისთვის, მხარეები ორად შეგვიძლია გავყოთ – მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და მისი წინამორბედის, ნიკა მელიას ფრაქციებად. მათი დაპირისპირება უკვე საკმაო ხანია ღია რეჟიმში მიმდინარეობს. თუკი თითქმის ერთი წლის წინ შიდაპარტიული ოპოზიციის მოთხოვნა მელიას გადადგომა იყო, დღეს უკვე ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნები გვესმის.

„კლანური მმართველობა“, მანიფესტი და ურთიერთბრალდებები – „ნეტგაზეთი“ მიმოიხილავს, რატომ დაიწყო და როგორ მიდის დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“.

შიდა არჩევნები 2020

ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ 2020 წლის ბოლოს აირჩიეს – მან თითქმის ორჯერ მეტი ხმა აიღო, ვიდრე მეორე კანდიდატმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ.

ცოტა ხანში, 2021-ის პირველ ნახევარში, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მელიას დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა პარტიის დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილთან. ყოფილი პრეზიდენტი მაშინ თავისუფალი იყო და კიევში იმყოფებოდა. მელიამ „ჭორი“ უწოდა დაძაბულ ურთიერთობებს და სააკაშვილთან შესახვედრად კიევს ეწვია. თუმცა მოგვიანებით სააკაშვილმა აღნიშნა – მე რომ ვარშალომიძისთვის დამეჭირა მხარი, შედეგი სხვა შეიძლებოდა ყოფილიყოო.

იმავე წელს, ოქტომბერში, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ციხეში აღმოჩნდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია გამართა, თუმცა სააკაშვილი მაინც გისოსებს მიღმა რჩებოდა, რის გამოც პარტიის მხარდამჭერების თუ წევრების მხრიდან თავმჯდომარის მიმართ კრიტიკამ იმატა.

სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თავისუფლების მოედანზე 14.09.21 ფოტო: ნეტგაზეთი, მარიამ ბოგვერაძე

აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 14/10/2021. „ნეტგაზეთის“ მიახლოებითი დათვლით, აქციას მინიმუმ 38’500, მაქსიმუმ კი — 57’600 ადამიანი დაესწრო.

დაპირისპირება

2022 წელს ნიკა მელია თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს დაუპირისპირდა – განაცხადა, რომ იგი „არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი  პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილმა, – ლევან ხაბეიშვილმა, დავით კირკიტაძემ, გიორგი ბოტკოველმა, – მელია ამ ნათქვამის გამო გააკრიტიკეს. მათ შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმაც განაცხადა, რომ მელიას მხრიდან დავით კეზერაშვილის კრიტიკა „არასწორია“. სექტემბრის ბოლოს კი პარტიის სტრატკომის მდივანმა, ნიკა ობოლაძემ, პარტიის სახელმძღვანელო თანამდებობებზე პრაიმერის [შიდაპარტიული არჩევნების] საჭიროებაზე ისაუბრა.

დავით კეზერაშვილი

კეზერაშვილმა, მის მიერ ენმ-ის შიდაპარტიულ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობის ბრალდებების ფონზე, 29 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ არასოდეს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს ჩაერიოს რომელიმე ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში.

მალევე, მელია კვლავ გახდა თავდასხმის ობიექტი – კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის სიტყვებით, „სიგნალი“ მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიაში თანხა არამიზნობრივად იხარჯება და მელიას შენახვა „ნაცმოძრაობას“ წელიწადში თითქმის 1,5 მილიონი ლარი უჯდება.

ახალი არჩევნები

2022 წლის 9 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც თავად უწოდეს საკუთარ თავს, რეგიონულმა ლიდერებმა, შიდა, მათ შორის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. განცხადება გააკეთეს ირაკლი ნადირაძემ (თბილისის საკრებულოს წევრი), თაკო მეტრეველმა (რუსთავის საკრებულოს წევრი) თათია ნიკოლაიშვილმა (ოზურგეთის საკრებულოს წევრი) და ბონდო თედორაძემ (ქობულეთის მერობის კანდიდატი 2021 წელს).

არჩევნების წინადადება პარტიის ზოგმა წევრმა მოიწონა, ზოგმა კი თანაგუნდელები გააკრიტიკა.

„ნაცმოძრაობის“ წევრები, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან, ითხოვენ შიდა არჩევნების ჩატარებას.

მეორე დღესვე თავმჯდომარეობისთვის ბრძოლის სურვილი გამოთქვეს გიორგი ჩალაძემ, გიორგი მუმლაძემ.

ლევან ხაბეიშვილმა მაშინ უარი განაცხადა კენჭისყრაზე, მაგრამ 16 ნოემბერს მოსაზრება შეიცვალა და საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. პარალელურად, ნიკა მელიამ დააანონსა, რომ მოყვებოდა, თუ ვინ დგას პარტიაში მიმდინარე პროცესების უკან. მოგვიანებით მან თქვა, რომ ესენი ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი იყვნენ.

ხაბეიშვილი მელიას არასაკმარისი აქტიურობისთვის აკრიტიკებდა, მათ შორის სააკაშვილის გათავისუფლების საკითხში, და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნიან [სააკაშვილი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება].

იანვრის ბოლოს გამართულ არჩევნებში ხაბეიშვილმა მელია დაამარცხა და პარტიის თავმჯდომარე გახდა.

5 თებერვალს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ ყრილობაზე პარტიის ახალი პოლიტსაბჭო დაამტკიცეს. პროცესი კრიტიკოსებმა, მათ შორის მელიამ, შეაფასეს „გაუმჭვირვალედ“ და „არადემოკრატიულად“. როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკური საბჭოს ძველი შემადგენლობის გაუქმებისა და ახლის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა იმ დრომდე მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილს. მათი თქმით, პოლიტსაბჭოს ამ ფორმით დაკომპლექტება არის „სამარცხვინო“ და „არაფორმალური მმართველობის“ გამოხატულება.

„მელია აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“

არჩევნებში დამარცხებიდან მალევე, მელიამ ახალი ხელმძღვანელობის კრიტიკა დაიწყო. პირველი მნიშვნელოვანი სკანდალი ეხებოდა ბრალდებას, რომ პარტიამ ბათუმის საკრებულოს საარჩევნო სიიდან ამოიღო ოთხი პირი, ვინც არჩევნებზე მელიას უჭერდა მხარს. მათგან რომელიმეს ვაკანტური სადეპუტატო ადგილი უნდა დაეკავებინა. იმავე პერიოდში მელიამ არ გამორიცხა, პარტიიდან წასულიყო და ახალი პლატფორმიდან გაეგრძელებინა ბრძოლა.

მელია აგრეთვე ამბობდა, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტი თავად ამყარებს რეჟიმს და შიდა არჩევნების დროს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დევნის. ხაბეიშვილმა საპასუხოდ მელიას „ცოტა გაბრაზებული და ნაწყენი ადამიანი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „მტკივნეული გადაწყვეტილებების“ მიღება მოუწევდა.

ამ მოვლენების შემდეგ ორიოდე კვირაში მელიამ „უმძიმესად“ შეაფასა ენმ-ის მდგომარეობა და დასძინა, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში ენმ-ს სულ უფრო მეტი საერთო აქვს „ქართულ ოცნებასთან“. ამ კონტექსტში მან „კლანური მმართველობა“ ახსენა.

კონფლიქტის მორიგი მწვავე ფაზა უკვე ნოემბერში, ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეს მოახლოებასთან ერთად დაიწყო – ამ თარიღისთვის პარტიამ მანიფესტი შეადგინა. კერძოდ, მანიფესტში წერია, რომ დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს“. ნათქვამია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს პარტია ენმ-ის მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას, იმავდროულად, პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა.

ლევან ხაბეიშვილის წერილობითი პასუხი მელიას პარტიაში ყოფნა-არყოფნის კითხვაზე.

მანიფესტის შექმნის იდეა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. მისი თქმით, მანიფესტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა.

სააკაშვილის შეთავაზებაში შედიოდა პოლიტსაბჭოს გაფართოებაც. როგორც ხაბეიშვილმა თქვა, ძველი საბჭოს წევრებიდან დაბრუნების საშუალება მიეცემოდათ მათ, ვინც მანიფესტს მოაწერდა ხელს. ეს საბჭოს 20-მა ყოფილმა წევრმა გააკეთა, თუმცა ყოფილი წევრებიდან, მელიას თანამოაზრეებიდან ყველამ მანიფესტის ხელმოწერა არ ისურვა.

როგორც ჩანს, მათთან ერთად „სხვა გზით წასვლა“ უწევს ნიკა მელიას – 27 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მელია აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მას არ დაუკონკრეტებია, ეს მელიას გადაწყვეტილება იყო, თუ იგი პარტიიდან გარიცხეს.

პარტიაში მორიგ დაპირისპირებას კვლავ მოჰყვა თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნები. ამჯერად – ლევან ხაბეიშვილის.

მისი წინამორბედი მელია ჯერჯერობით არ საუბრობს ამ და სხვა საკითხებზე – როგორია მისი მომავალი გეგმები, რას გეგმავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, აპირებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენას.

ამ ბოლო მოვლენების შესახებ ჯერჯერობით უცნობია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია. მელია-ხაბეიშვილის დაპირისპირებაში იგი საჯაროდ დიდად არ ერევა. თუმცა, რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო – ერთ-ერთ მის პოსტთან დაკავშირებით, რომელიც მელიას კრიტიკად აღიქვეს, მან მოგვიანებით განაცხადა, რომ დიდი წარმოდგენისაა მელიას დამსახურებებზე. თუმცა მოგვიანებით პოსტი, სადაც მელიას აქებდა, სააკაშვილის გვერდიდან გაქრა. ამასთან ერთად, ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ არ იზიარებს აზრს ხაბეიშვილისა და პარტიის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციის ნაკლებობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი