ახალი ამბები

საკვირველი, გაუგებრობა – ღარიბაშვილი და პაპუაშვილი ამერიკელი სენატორების წერილზე

27 აპრილი, 2024 •
საკვირველი, გაუგებრობა – ღარიბაშვილი და პაპუაშვილი ამერიკელი სენატორების წერილზე

მმართველი პარტიის წარმომადგენლები, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურნენ აშშ-ს 14 სენატორის წერილს, რომელიც სენატორებმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს. “ქართული ოცნების” წევრები სენატორების პოზიციას გაუგებრობად და საკვირველებად აფასებენ.

14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრად მიიჩნევა.

სენატორებმა პრემიერი გააფრთხილეს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

“ჩემი სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ჩვენს მეგობრებთან და თუ რაიმე ბუნდოვანება და რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა და კითხვები უნდა იყოს განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი.

რაც შეეხება წერილს, გავეცანი მის შინაარსს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ალბათ, არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები, რომ აქ რაიმე უჩვეულოს საქართველო არ აკეთებს და არ არის გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის და დემოკრატიის გზას, როგორი განცხადებებიც გაკეთდა, რაც საფუძველმოკლებულია”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წერილს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც და სენატორების პოზიცია საკვირველად და იმედგამაცრუებლად შეაფასა.

„ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია, რა თქმა უნდა, ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი. […] ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული”, – ასე აფასებს აშშ-ს სენატორების პოზიციას შალვა პაპუაშვილი.

სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას.


მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი