ახალი ამბები

ვერ გავიზიარებ მოსაზრებას ხაბეიშვილის და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობაზე – სააკაშვილი

7 ნოემბერი, 2023 • 1393
ვერ გავიზიარებ მოსაზრებას ხაბეიშვილის და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობაზე – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით Facebook-ზე განცხადებას აქვეყნებს.

დღეს, 7 ნოემბერს, გამოქვეყნებულ განცხადებაში სააკაშვილი ამბობს, რომ არ იზიარებს მოსაზრებებს პარტიის თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

„ამ დღეებში ბევრი კამათია პარტიის ერთიანობაზე. მათ შორის, ბევრი კითხვა ისმება ჩემს დამოკიდებულებაზე ცალკეული ადამიანების მიმართ. მე არ მაქვს პრობლემები კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ ვერ დავეთანხმები ცალკეულ მიდგომებს. მე ვარ შიდაპარტიული დებატების მომხრე, რაც ყოველთვის იყო ნაციონალური მოძრაობის ძლიერი მხარე. დებატები საქმეზე არის ის, რაც აცოცხლებს სიტუაციას, მაგრამ მას შემდეგ, რაც დებატების შედეგად გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მისი რევიზიის მცდელობა ჩემთვის მიუღებელია.

ამიტომ, კატეგორიულად ვერ გავიზიარებ ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილის და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით.
ისინი აბსოლუტურად ლეგიტიმურად აირჩნენ ფართოპარტიული არჩევნების შედეგად და ამ თემაზე ამდენი ხანი კამათი გვაკარგვინებს მთავარ მიმართულებას და ეს მხოლოდ ოლიგარქის ინტერესებშია. ახლა ჩვენ, არსებულ სიტუაციაში, როგორც არასდროს გვჭირდება კონცენტრაცია საქმეზე და არა პირად ამბიციებზე და წყენაზე“, – ვკითხულობთ სააკაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მანიფესტის შექმნას სთავაზობს, რომელიც პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს. მისი თქმით, თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა.

„ჩვენ ხალხთან ერთად უნდა შევიმუშაოთ კონცეფცია, თუ როგორ ვაპირებთ ოლიგარქის მარწუხებისგან გათავისუფლებას და შემდეგ როგორი ქვეყნის აშენებას შევძლებთ.
მე ვთავაზობ ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს და მხარდამჭერს 23 ნოემბრამდე, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე, ერთად შევქმნათ მანიფესტი ამ საკითხებზე. შემდეგ, 23-ში, ამ მანიფესტს, სადაც იქნება შესული ყველა ფუნდამენტური საკითხი, ერთობლივად მოვაწეროთ ხელი.

მანიფესტი უნდა შეიცავდეს ასევე პარტიული ერთიანობის შეთანხმებას. თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ მომავალზე სრულად კონცენტრირებას. ეს მანიფესტი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის და განახლების უნარის პრეზენტაცია“, – ვკითხულობთ სააკაშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდიდან წაიშალა პოსტი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აქებდა.

საუბარია 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც სააკაშვილი წერდა, რომ ღრმა წარმოდგენისაა ნიკა მელიას დამსახურებასა და მის შესაძლებლობაზე. პოსტის თანახმად, სააკაშვილი ამით მიმართავდა მათ, ვინც მისი ბოლო გამოსვლა ნიკა მელიასა და მისი გუნდის კრიტიკად აღიქვა.

კერძოდ, 3 ნოემბრის სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან, ვინც პარტიას შიგნიდან ლანძღავს, სჯობს, ორგანიზაცია დატოვოს და საკუთარი პოლიტიკური პარტია გააკეთოს. ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა კი თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებაში ნიკა მელიას გულისხმობდა.

თუმცა დღეს, 7 ნოემბერს, პოსტი, რომელიც ნიკა მელიას უკავშირდებოდა, მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე აღარ იძებნება. ამ ფაქტს გამოეხმაურა თავად ნიკა მელიაც. მან პოსტის წაშლას „უცნაური და უცაბედი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იმ ხალხმა გააკეთა, ვინც ამტკიცებს, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი