ახალი ამბები

“ამაზე დათანხმება ნიშნავს, რომ მონობაზე ხარ თანახმა” – ლელა გაფრინდაშვილი რუსულ კანონზე

26 აპრილი, 2024 • 982
“ამაზე დათანხმება ნიშნავს, რომ მონობაზე ხარ თანახმა” – ლელა გაფრინდაშვილი რუსულ კანონზე

ფილოსოფოსი და სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლელა გაფრინდაშვილი “ქართული ოცნების” მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის დარღვევას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას “წინასაარჩევნო ფანდად” აფასებს.

ის ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას სურს ელექტორატის დარწმუნება, რომ “თვითონ არიან პატრიოტები და რაღაც ძალიან მნიშვნელოვან საშინელებას უნდა გადაარჩინონ მოქალაქეები და სახელმწიფო”.

თუმცა სოციოლოგისთვის ცხადია, რომ წინააღმდეგობა, რომელიც ამ კანონის ისევ დღის წესრიგში დაყენებით საზოგადოებაში გაჩნდა პროტესტი, რაც ხელისუფლებას არ წაადგება. უფრო მეტიც, გაფრინდაშვილი ფიქრობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაშიც კი არ გაჩერდება წინააღმდეგობა. ამიტომ, ვარაუდობს, რომ რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირება, შესაძლოა, იყოს  ხელისუფლების მხრიდან “გარე დავალების შესრულება”.

“მგონია, რომ წინასაარჩევნო ფანდებთან გვაქვს საქმე. მეორე მხრივ, დაუჯერებელია, რომ ხელისუფლებაში ვერავინ ხედავდეს, სინამდვილეში რა პროცესის დაწყება შეუძლია ამ კანონს ქვეყანაში – როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ ველზე: დაძაბულობა, განხეთქილება, ურთიერთდაპირისპირება და პოლარიზაცია, რაც ისედაც არ გვაკლია. რა მიზანი უნდა იყოს ისეთი, რომელიც ღირდეს ამის გაკეთებად?! ამიტომ, მგონია, რომ ხელისუფლება იქცევა არა დამოუკიდებლად, თავისი შეხედულებისამებრ, არამედ ასრულებს რაღაც დავალებას. არ მგონია, რომ ისინი იყვნენ დამოუკიდებული ამ კანონის ხელახლა ინიციირებაში”, – ამბობს ლელა გაფრინდაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

სოციოლოგი ამბობს, რომ კანონი, რომელიც “გაამძაფრებს სოციალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ დაპირისპირებებს და იწვევს შიდასაზოგადოებრივ დაპირისპირებას”, ვერ გააჯანსაღებს საზოგადოებას. მით უმეტეს, რომ საბაბი, რასაც ხელისუფლება მისი მიღების საჭიროებად ასახელებს – გამჭვირვალობა – არალეგიტიმურია. ლელა გაფრინდაშვილი, რომელიც თავმჯდომარეა არასამთავრობო ორგანიზაციისა “ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის”, ამბობს, რომ ორგანიზაციები ისედაც ავსებენ დეკლარაციებს ფინანსური დანახარჯების შესახებ.

“მე კვლევით ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ. განმანათლებლობის კვლევაში და ქალთა საკითხების კვლევაში გერმანელები მეხმარებიან ფინანსურად. ეს არ ნიშნავს გერმანიის ინტერესების გატარებას. როგორ შეიძლება, რომ ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ქართული საქმის გასაკეთებლად, საქართველოში ისტორიული ფაქტების კვლევისთვის, სხვა ქვეყნის საქმეს აკეთებდეს?

მე პირადად და ყველა, ვინც საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას პატივს სცემს, არასოდეს არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლად. ეს არის გამორიცხული. მე ვფიქრობ, ამაზე დათანხმება ნიშნავს, რომ მართლა მონობაზე ხარ თანახმა და იმაზე, რომ ვისაც როდის მოუნდება, გაგაჩუმებს. ასე მოიქცევა ყველა თავმოყვარე ორგანიზაცია. წინააღმდეგობები იქნება და შეუძლებელია ვერ ხედავდნენ [“ქართული ოცნება”]”, – ამბობს გაფრინდაშვილი.

მისი შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებით ხელისუფლებას უნდა კრიტიკული აზრის ჩახშობა – “როგორც ეს მოხდა რუსეთში”.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ლელა გაფრინდაშვილისთვის რუსული კანონი მიუღებელია, არის ის საფრთხე, რასაც მისი მიღება ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივას უქმნის.

ამავე თემაზე:


2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. 

ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ.

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი