ახალი ამბები

მელია აანონსებს საუბარს იმაზე, ვინ დგას პარტიაში მიმდინარე მოვლენების უკან

16 ნოემბერი, 2022 • 795
მელია აანონსებს საუბარს იმაზე, ვინ დგას პარტიაში მიმდინარე მოვლენების უკან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეკომპანია „პირველთან“ აცხადებს, რომ ბევრ რამეს აეხდება ფარდა მას შემდეგ, რაც პარტიის ხელმძღვანელის არჩევნების ფარგლებში წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ მელია აცხადებს, რომ მათ შორის იტყვის იმასაც, თუ ვინ დგას, მისი აზრით, პარტიაში მიმდინარე პროცესების უკან.

მელიას თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებსაც პარტიის თავმჯდომარე უნდა დაჰყრდნობოდა, უცებ იცვლიან რიტორიკას და ცდილობენ იგი დიქტატორად წარმოაჩინონ:

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადამიანებს უნდა დავყრდნობოდი და მათ მიმართ მქონდა დიდი ნდობა, იქნება ეს გენერალური მდივანი, მოადგილე თუ რამდენიმე დეპუტატი, სამსახურის ხელმძღვანელები… მთელი ბირთვი, 4-5 ადამიანი, რომელზეც დგას პარტია, და როდესაც ეს ადამიანები უცბად იცვლიან რიტორიკას და დამოკიდებულებას ერთ რიგით კალენდარულ დღეს, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი მექნება, მაგრამ მექნება მოგვიანებით. ამ ადამიანებს სდომებიათ წარმოეჩინათ, თითქოს მე ვიყავი დიქტატორი, სადღაც უკეთესი გეგმა იყო და მე მის განხორციელებას ხელს ვუშლიდი“, – ამბობს ნიკა მელია.

მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში მართავდა ამ ადამიანებთან შეხვედრებს, მოულოდნელად კი გაუჩინარდნენ, სხვა შენობაში აღმოჩნდნენ და მის საწინააღმდეგოდ განცხადებები გააკეთეს:

„მაშინ, როცა ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობ გამოსავალზე, საუბრობ მომავალზე, საუბრობ დაგეგმარებაზე, ადამიანებთან, ვინც არის დასაყრდენი, ბურჯი პარტიის და მერე ორი დღის განმავლობაში ეს ადამიანები მოულოდნელად გაუჩინარდებიან და აღმოჩნდებიან სხვა შენობაში, სადაც გააკეთებენ განცხადებას, რაც გააკეთეს. ჩვენ ვაპირებდით შეთანხმებული გეგმით წარვმდგარიყავით საზოგადოების წინაშე, მაგრამ ნაცვლად ამისა ვიხილეთ სხვა სურათი, რასაც თავისი ახსნა აქვს“, – ამბობს მელია „რეაქციაში“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ დგას ამ პროცესების უკან და არის თუ არა ეს ვანო მერაბიშვილი ან დავით კაზერაშვილი, მელია არ პასუხობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მმართველობის სტილით იყოს პარტია და არა ბიზნესორგანიზაცია და ეფუძნებოდეს იმ პრინციპებს, რომელსაც დაარსების დღიდან მისდევდა. მელიას თქმით, შემთხვევით არაფერი ხდება და საზოგადოებას ჰპირდება, რომ ამ ყველაფერზე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისაუბრებს:

„ეს ჩემი თავმჯდომარეობის ყოფნის პერიოდში პირველი შემთხვევა არაა. ამასთან დაკავშირებითაც იქნება საუბარი. თუკი პრეტენზია იქნება, რომ დღემდე მიხეილ სააკაშვილი ვერ გავათავისუფლე, მისაღებია, მაგრამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ როდესაც აქვთ უფლება, სხვას წაუყენონ პრეტენზია, თავადაც არიან პრეტენზიის ობიექტი“, – ამბობს ნიკა მელია.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, ასევე ისაუბრებს პარტიის შიდა არაერთ საკითხზე, რომელიც აქამდე საჯაროდ არ გამოუტანია, რადგანაც მიაჩნდა, რომ ამის შეესახებ ღიად ლაპარაკი ენმ-ს დააზიანებდა, საარჩევნო კამპანია კი მისცემს შესაძლებლობას, ბევრი ისეთი საკითხი გამოიტანოს სააშკარაოზე, რისგანაც წარსულში თავს იკავებდა.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. გამორიცხული არ არის, კენჭი ხაბეიშვილმაც იყაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი