ახალი ამბები

ენმ სოსო თოფურიძის ბრალდებებს პასუხობს

6 ოქტომბერი, 2022 • 1218
ენმ სოსო თოფურიძის ბრალდებებს პასუხობს

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის სიტყვებით, “სიგნალი” მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” თანხა არამიზნობრივად იხარჯება.

თოფურიძე მოუწოდებს ენმ-ს, საზოგადოებას განუმარტოს, რა ხდება, საპასუხო განცხადებაში კი პარტია ყალბ ინფორმაციას უწოდებს არამიზნობრივი ხარჯების შესახებ ცნობას.

“ხალხში უნდობლობა გაჩნდა ენმ-ის მიმართ”

ენმ-ის ხარჯებთან დაკავშირებით სოსო თოფურიძემ 6 და 7 ოქტომბერს ორი პოსტი გამოაქვეყნა “ფეისბუკზე”.

პირველ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას შენახვა წელიწადში 1 471 000 ლარი უჯდება. თოფურიძის ვერსიით, ხარჯები ასე ნაწილდება:

“Faceebook- 500 000;

დაცვის ხელფასი: 18 000. თვეში!

საწვავი, 4 ტონა: 12 000. თვეში!

ხელფასი – 10 000 თვეში!

უცხოეთში ვოიაჟები:

41 000 ! ჯამი – 81 000 თვე

პლიუს რეკლამები,

სულ, წელიწადში 1 471 000!”

თოფურიძე, რომელიც თავს პოლიტდევნილად მოიხსენიებს, ამბობს, რომ ხსენებული მონაცემები მიაწოდეს, თუმცა, არ აკონკრეტებს — ვის.

მეორე განცხადებაში სოსო თოფურიძე დასძენს, რომ პარტიის ანგარიშზე დარიცხული თანხა პირადი ფუფუნებისთვის არ უნდა იხარჯებოდეს და თუ საქმე საჩუქრის მიღებას ეხება, ის დეკლარაციაში უნდა იყოს ასახული.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი განცხადებას თან ურთავს ფოტოასლებს “ფეისბუკის” მფლობელი კომპანიის, “მეტას” რეკლამების ბიბლიოთეკიდან, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ამა თუ იმ გვერდის მიერ რეკლამებისთვის დახარჯული თანხისა და მისი წყაროების შესახებ.

აღნიშნული რესურსის თანახმად, ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გვერდის მიერ სოციალური პრობლემების, არჩევნების ან პოლიტიკის შესახებ რეკლამებზე 2020 წლის 4 აგვისტოდან 2022 წლის 3 თებერვლამდე დახარჯული თანხის მიახლოებითი ჯამი $177 583-ია.

იქვეა გრაფაც “დაფინანსების წყაროს შესახებ განცხადებები”, რომელშიც მოხსენიებულია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ფიზიკური პირები — ქეთევან კირთაძე და გიორგი ქართველიშვილი.

ფოტო: Facebook/Ioseb Topuridze

“მე არაფერს არ ვამტკიცებ, მხოლოდ ხალხს წარვუდგენ საჯარო ინფორმაციას დახარჯული თანხის შესახებ !

განუმარტეთ საზოგადოებას , რატომ ხდება, რომ ხალხი შიმშილობს და თქვენ, ოპოზიცია, ჩემის აზრით, უზარმაზარ თანხებს ხარჯავთ არამიზნობრივად ?!” — წერს თოფურიძე.

ის იქვე აღნიშნავს, რომ “სამწუხაროდ, ხალხში უნდობლობა გაჩნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ”. ის პარტიას მოუწოდებს, სიმართლე უთხრას ადამიანებს, რა ხდება ენმ-ში და “რატომ ვრცელდება ხმები პარტიის შიგნით ფიზიკურ დაპირისპირებაზე”.

ენმ-ში ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია პარტიის მხარდამჭერმა აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ გაავრცელა. მისი თქმით, ამის მიზეზი იყო „ტვ პირველზე“, ნოდარ მელაძის „შაბათში“ გასული სიუჟეტი სუს-ის მიერ ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილი აგენტების შესახებ.

ნიკა მელიამ 24 სექტემბერს ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში საუბრისას უარყო პარტიაში ფიზიკური დაპირისპირება [მაშინ მუმლაძეს ჯერ არ ჰქონდა გაკეთებული განცხადება  და გრიგოლია წყაროს მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უსვამდა კითხვას].

მოგვიანებით, 26 სექტემბერს, მუმლაძის განცხადების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ფეისბუკის გვერდზე პარტიის სახელით გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც მუმლაძის მონათხრობის განსხვავებულ ვერსიას აღწერს.

სოსო თოფურიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს “კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის” უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

“ქართული ოცნების” პერიოდში საქართველოში პირველი ორი ინსტანციის სასამართლოებმა თოფურიძე დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე.

პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წელს კუდ-ის უფროსმა დათა ახალაიამ, თოფურიძესთან და უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შსს-ს პოლიციის მოქმედ თანამშრომლებს იმ მოტივით, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა უხეშად მიმართეს იმხანად შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას.

გასული წლის მარტში თოფურიძე აცხადებდა, რომ ბულგარეთში იმყოფებოდა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ელოდებოდა.

“ყალბი ინფორმაცია” — რას ამბობს ენმ ხარჯებთან დაკავშირებით

თოფურიძის პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ენმ-მ ასევე “ფეისბუკზე” გაავრცელა განცხადებაა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში მიმდინარეობს “სიცრუეზე აგებული კამპანია” ენმ-ისა და პარტიის ცალკეული ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით.

პარტიის სიტყვებით, მის ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს.

“გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს საზოგადოებას აცნობენ პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯებს.

…გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. ხოლო თანხა, რომელიც გადახდილია სოციალურ ქსელში კამპანიის საწარმოებლად, გაღებულია უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის პირადი ხარჯებიდან”, — დასძენს ენმ.

მისივე სიტყვებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტია არ სარგებლობდა ფასიანი სატელევიზიო რეკლამებით.

განცხადებაში ასევე წერია, რომ “პარტიის თავმჯდომარეზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს რაიმე სახის ანაზღაურებას იღებს, არის სიცრუე”. ენმ-ის განცხადებით, მელიას დაცვის ერთი თანამშრომელი და მძღოლი ემსახურება, აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ყველას შეუძლია გაეცნოს აუდიტის სამსახურის საიტზე.

ტექსტის მიხედვით, მელიას მიმდინარე წელს ჰქონდა სამი ვიზიტი — ვილნიუსში, როტერდამსა და ბრიუსელში — რომლებიც “ემსახურებოდა საქართველოს ინტერესების დაცვას” და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას თავისუფლებისთვის “საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას”.

“ნიკა მელია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის აგრესიის ადრესატ უკრაინაში, სადაც მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და უკრაინელი ხალხის სამართლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის.

უკრაინაში ენმ-ის წევრები შეხვდნენ და მოინახულეს ქართველი მებრძოლებიც. გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ზემოხსენებული ვიზიტების ხარჯები პარტიის მიერ არ იყო გაწეული”, — ამბობს პარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი