ახალი ამბები

დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს

29 სექტემბერი, 2022 • 1169
დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს. წერილში კეზერაშვილი ნიკა მელიას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არასოდეს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს ჩაერიოს რომელიმე ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში.

დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ დღეს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისკენ. კეზერაშვილის თქმით, ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებას, მათ შორის საქართველოს თავისუფლებას იცავენ. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მათ:

„დღეს ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, უკრაინელებმა იგრძნონ, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ქართველი ხალხი მათ გვერდითაა. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჩემს მოვალეობად მიმაჩნია სწორედ ამიტომ, ჩემი და ჩემი მეგობრების დროისა და ძალისხმევის დიდი ნაწილი, ბუნებრივია, აქეთაა მიმართული. შესაძლოა ამან კიდევ დამატებითი მიზეზი გაუჩინა საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას, თავიდან და ახალი შემართებით აწარმოონ ჩემი დისკრედიტაციის კამპანია. ეს კამპანია არ მიკვირს და სიახლეს არ წარმოადგენს“ ,- ამბობს კეზერაშვილი.

მისი თქმით, უკვე მრავალი წელია, სახელისუფლებო მედია, რუსული პროპაგანდის სტილში, არ ერიდება მის მიმართ ტყუილსა და ცილისწამებას.

კეზერაშვილის თქმით, გულდასაწყვეტი სიახლე ისაა, რომ ამდაგვარ კამპანიაში ცალკეული ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთნენ:

„ჩემი გააზრებული არჩევანია, არ შევიდე ამ გაუგებარ კინკლაობაში. ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურის და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი – ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება – ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი.

ქვეყნის ბედით დაინტერესებულ ძალებს დღეს ნამდვილად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, ვიდრე ეს ვიწროპარტიული გარჩევები. ჩემი ღრმა რწმენით, დღეს წყდება – საქართველო იქნება დამოუკიდებელი, სამართლებრივი, ევროპული სახელმწიფო, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი გუბერნია. ამ ვითარებაში, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება, პირადი მიზნების, ემოციების, განწყობების მიხედვით იმოქმედოს“, – ამბობს კეზერაშვილი.

მისი თქმით, ყველა ვალდებულია დაინახოს დიდი სურათი და ქვეყნის ინტერესებისთვის იმოქმედონ – დროულად და ეფექტურად. ენმ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ დღეს ოპოზიციურ სპექტრში არეულობის შეტანა,დამატებითი დაძაბულობის კერების გაჩენა, გამოგონილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლა უპასუხისმგებლობაა და ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. მისი თქმით, ეს გააძლიერებს ივანიშვილს, რუსულ გავლენებს და გაახანგრძლივებს სახელმწიფოს მიტაცების პროცესს:

„მე არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს არც მეგობრობა, არც პარტნიორობა. ერთადერთი, რასაც ვთვლიდი და ვთვლი ჩემს მოვალეობად, გვერდში დავუდგე ყველას, ვინც საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა. გვერდში დავუდგე მხოლოდ მათი სურვილისა და პარტნიორობისთვის მზადყოფნის შემთხვევაში. მკაფიოდ ვამბობ – მე არასოდეს ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არა მაქვს. ამასთან, ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე.

ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც ესმის მომენტის მნიშვნელობა, წარმატებას ვუსურვებ ბრძოლის იმ გზაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას – დეოლიგარქიზაცია, საქართველოს – დასავლურ ორბიტაზე დაბრუნება, ქართველ ხალხს კი  კეთილდღეობა და ცხოვრების უკეთესი პირობები უნდა მოუტანოს. მტერმაც და მოყვარემაც მინდა იცოდეს, რომ არ გამაჩნია არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში.

ამასთანავე, არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. ისინი რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან და რაც ჩემს ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მათი გათავისუფლებისათვის.

ასევე არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას, მის აქტიურობას“, – ამბობს კეზერაშვილი.

მისი თქმით, აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას – მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რომელსაც კეზერაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ეწევა ტელეკომპანია ფორმულასა და ზოგადად კრიტიკული ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ, უკან არ დაიხევს:

„ტელეკომპანია ფორმულა თავისი არაჩვეულებრივი გუნდით, სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობებში, უპირობოდ იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ცილისწამება და თავდასხმები შედეგს ვერ გამოიღებს – ბრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მუდმივი პროცესია და სანამ ამ ბრძოლაში ერთი აგურის დადება შემეძლება, ამას ყოველთვის გავაკეთებ“, – აცხადებს დავით კეზერაშვილი.


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მას მიაჩნია, რომ ენმ-ის მმართველობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი „არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება იგი პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის. მან ასევე ახსენა ტერმინი „მოოლიგარქო ტიპაჟი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილმა, – ლევან ხაბეიშვილმა, დავით კირკიტაძემ, გიორგი ბოტკოველმა, – მელია ამ ნათქვამის გამო გააკრიტიკეს.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი