ახალი ამბები

რუსული კანონის განხილვისას პაპუაშვილმა ხაბეიშვილი, ვაშაძე, ბოკუჩავა და ნაცვლიშვილი დარბაზიდან გააძევა

17 აპრილი, 2024 • 565
რუსული კანონის განხილვისას პაპუაშვილმა ხაბეიშვილი, ვაშაძე, ბოკუჩავა და ნაცვლიშვილი დარბაზიდან გააძევა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვისას თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააძევა  ოპოზიციონერი დეპუტატები – ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა და ანა ნაცვლიშვილი დარბაზიდან.

დღეს პარლამენტი “ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებული რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვას აგრძელებს. სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს: ოპოზიციონერი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას მმართველი პარტიის დეპუტატები შეძახილებით შეხვდნენ, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები მაგიდაზე ხელებს აბრახუნებდნენ და სკანდირებდნენ: “არა რუსულ კანონს”.

სიტუაციის განმუხტვის საბაბით, შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან ჯერ ხაბეიშვილი და ვაშაძე გააძევა, შემდეგ, ბოკუჩავა და ნაცვლიშვილი და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

“ევროპასთან ახლოსაც კი არა ხართ თქვენ თქვენი დამოკიდებულებით სახელმწიფოს მიმართ და კანონის მიმართ. რა გინდათ თქვენ საერთოდ ევროპაში, რა ევროპაზე საუბრობთ? წიგნებს კი არ კითხულობთ, აბრახუნებთ მაგიდაზე. ეგ არის თქვენი ევროპა? საუბარი და მოსმენაა ევროპა თუ ბრახა-ბრუხი, რაც გაქვთ ატეხილი აქ”, – ასე მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენების შემდეგ და სიტყვა თანაგუნდელს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს გადასცა.


დღეს “ქართული ოცნება” რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავს. პარალელურად, პარლამენტის უკან კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

რუსული კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები კანონპროექტის დაინიციირებიდან უწყვეტად, პარლამენტთან იკრიბებიან. გუშინ, 16 აპრილს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც გაუსწორდა. ორი დღის განმავლობაში, ჯამში, 30-მდე ადამიანი დააკავეს.

რუსული კანონის მიღებას ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საფრთხედ შეაფასა ყველა საერთაშორისო პარტნიორმა და მეგობარი ქვეყნის ლიდერმა. კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები – სპორტსმენები, მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და ა.შ.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი