ახალი ამბები

„ვიწვევ მელიას დებატებში“ – ენმ-ის თავმჯდომარეობა მუმლაძესაც სურს

11 ნოემბერი, 2022 • 900
„ვიწვევ მელიას დებატებში“ – ენმ-ის თავმჯდომარეობა მუმლაძესაც სურს

აქტივისტი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მუმლაძის თქმით, მისი მიზანია, არსებული „უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი“ სრულად ჩამოსცილდეს პარტიის მართვას.

„ცვლილებების შემდეგ პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის “იძულების კამპანიისკენ”, რითაც დავიხსნით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს! მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!

პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!

ვიწვევ ნიკა მელიას, ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმეტურებულად ავუხსნა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!

მივმართავ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, დროულად მოიწვიოს პოლიტსაბჭო და უზრუნველყოს სანდო საარჩევნო პროცესი!“.

მასალების გადაბეჭდვის წესი