ახალი ამბები

ჩალაძის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში თავის კანდიდატურას დააყენებს

11 ნოემბერი, 2022 • 926
ჩალაძის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში თავის კანდიდატურას დააყენებს

გიორგი ჩალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში თავის კანდიდატურას დააყენებს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით და დრო არ ითმენს.

„ფაქტია, დღემდე ეს ვერ მოხერხდა. ისიც ფაქტია, რომ შესაძლებელის კეთება არ არის საკმარისი. სასიცოცხლოდ აუცილებელია მოკლე დროში შედეგის დადება – მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება! არ ვაპირებ დროის კარგვას წარსულზე , მას ვერ შევცვლი. მაგრამ შეგვიძლია მომავალი შევქმნათ ერთად! ამისთვის კი თავდადებასთან ერთად უმძიმესი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული და სისტემური მოქმედებაა საჭირო“, – წერს ჩალაძე.

მისი თქმით, ამ ბრძოლაში პარტია შეუცვლელი ინსტრუმენტია.

„მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ , უღალატო ამომრჩეველთან ერთად მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით. მე მჭირდება ყველა თქვენგანის დახმარება ამ საერთო მიზნის მისაღწევად. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე , ეს ყველაფერი ერთად არის გამარჯვების ფორმულა.

ამიტომ მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში , რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა, ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო.

დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. მიშა უნდა გათავისუფლდეს! ჩემთვის ეს არის პროექტი – თავისუფლება მიშას! მჯერა ამ საქმეში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – წერს ჩალაძე.

გიორგი ჩალაძე აქტიურად არის ჩართული მიხეილ საააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში. ამ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად შეხვედრებს ბრიუსელშიც მართავდა.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი