ახალი ამბები

სააკაშვილი: მე რომ ჩავრეულიყავი ვარშალომიძის მხარეს, შედეგი შეიძლება სხვა ყოფილიყო

24 ივნისი, 2021 • 9148
სააკაშვილი: მე რომ ჩავრეულიყავი ვარშალომიძის მხარეს, შედეგი შეიძლება სხვა ყოფილიყო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებზე საუბრობს, რომელშიც ნიკა მელიამ გაიმარჯვა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ პატივს სცემს შიდაპარტიულ დემოკრატიას, შესაბამისად, ამ პროცესში არ ჩარეულა. თუმცა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ის რომ ჩარეულიყო ლევან ვარშალომიძის მხარდასაჭერად, შესაძლოა არჩევნებში სულ სხვაგვარი შედეგი დამდგარიყო:

“ნიკა მელია, ის ჩემში იმსახურებს წარმოუდგენელ პატივისცემას იმიტომ, რომ ძალიან დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელთანაც მთლი ეს წლები მჭიდრო თანამშრომლობა მქონდა და, ამავდროულად, ვიყავით კამათში, დისკუსიაში დებატებში – ეს კარგია. ჩემი ინიციატივით ჩავატარეთ ელექტრონული არჩევნები პარტიის თავმჯდომარეობაზე.

ერთ მხარეს იყო ლევან ვარშალომიძე, რომელსაც წლებია ვიცნობ, 30 წელზე მეტი და რომელიც ჩემი ახლო მეგობარი და თანამებრძოლია. მან შექმნა აჭარის სასწაული და ახლაც ჩემთან ერთად მუშაობს. მეორე მხარეს იყო ნიკა მელია, რომელსაც ბევრად ნაკლებად ვიცნობ. მე რომ ჩავრეულიყავი ლევან ვარშალომიძის მხარეს ერთი გრამით მაინც, შეიძლება შედეგი ყოფილიყო სხვა… სწორედ იმის გამო, რომ შიდაპარტიული დემოკრატიის მჯერა… სხვა ბევრი ჩემს ადგილას ჩაერეოდა”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი “ამერიკის ხმასთან”.

ენმ-ის ლიდერის თქმით, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ჩაერია, ცდება და აღნიშნავს, რომ თუ ენმ ხელისუფლებაში მოვა, ნიკა მელია იქნება ის ადამიანი, რომელიც მართვის სადავეში იქნება:

“ჩემი ამოცანა იყო და ლევანს თავიდანვე ვუთხარი, ეს იქნება პატიოსანი არჩევნები. თუ ვინმე თვლის, რომ მე ჩავერევი შენ მხარეს, ის ცდება, რადგან ჩემთვის ორივე თქვენგანი თანაბარია. მოიგო დიდი უპირატესობით ნიკა მელიამ, რაც იყო მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ის არის ენმ-ის თავმჯდომარე. ნიკა მელიამ ამის შემდეგ ჩაიდინა ნამდვილი სამოქალაქო გმირობა.

მიუხედავად იმისა, ზუსტად იცოდა დაიჭერდნენ, წავიდა ბოლომდე. წარმოუდგენლად კარგი ინტუიცია აქვს პოლიტიკური და, რაც მთავარია, პოლიტიკური პირადი გამბედაობა და ადამიანური გამბედაობა. ამიტომ შეუძლებელია არ ვთვლიდე მას ლიდერად და არ მიხაროდეს მისი ყველა წარმატება და წინსვლა. ეს საერთოდ უნდა გამოირიცხოს ამაზე სპეკულაციაც კი. ენმ ხვალ თუ მოვა ხელისუფლებაში, ნიკა მელია იქნება ის ადამიანი, ვინც ამ ხელისუფლების განმახორციელებელი იქნება” ,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები 2020 წლის დეკემბერში ონლაინ გაიმართა. პარტიამ ფეისბუკზე სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელშიც მოქალაქეებს კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დისტანციურად შეეძლოთ.

პარტიაში ამბობენ, რომ ამ არჩევნებში 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა უმეტესობამ, 64.9%-მა, ნიკა მელიას მისცა ხმა. მელიას ოპონენტმა, ლევან ვარშალომიძემ ხმების 35.1% აიღო.

დისტანციური კენჭისყრა 21 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე დაიწყო და 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდა.

პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ენმ-ს ტოვებს. პარტიის დატოვების მიზეზებს შორის იგი ასახელებს პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი