საზოგადოება

ენმ-ში აკრიტიკებენ თანაპარტიელებს, რომლებმაც შიდა არჩევნები საჯაროდ მოითხოვეს

9 ნოემბერი, 2022 • 1077
ენმ-ში აკრიტიკებენ თანაპარტიელებს, რომლებმაც შიდა არჩევნები საჯაროდ მოითხოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

როგორც ისინი აცხადებენ, ენმ-ში შიდა არჩევნების ჩატარების ინიციატორი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იყო და ეს საკითხი უკვე რამდენიმე კვირაა პარტიაში განიხილება.

თუმცა, მათი თქმით, მელიას ინიციატივით, პარტიაში არჩევნები მას შემდეგ უნდა ჩატარდეს, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდება. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტები დასკვნას დადებენ და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით.

„ჩვენი ფოკუსი დღეს არის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, იცით, რომ უნდა ჩაინიშნოს სასამართლო, სადაც იქნება მსჯელობა მის გადაყვანასთან დაკავშირებით. ამ დროს პარტიის თავმჯდომარის პოსტსა და სხვა პარტიულ თანამდებობებზე ლაპარაკი… არ ვიცი, ყველას გადასაწყვეტია, ვინ რა დროს ირჩევს. თუმცა შიდა არჩევნები აუცილებლად იქნება.

შესაბამისად, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება პარტიაში საუბარი. ისიც არის ცოტა გასაკვირი, რომ მსგავსი ტიპის პოზიციები და მოწოდებები, მე ვფიქრობ, პირველ რიგში, ჯერ უნდა ყოფილიყო პარტიაში შიგნით და მერე გასულიყო საჯაროდ“, – განაცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, მაშინ, როცა პარტიის შეხვედრებზე არჩევნების ჩატარებაზე თავად ნიკა მელია საუბრობდა, სამწუხარო და დასანანია, რომ პარტიის წევრთა ნაწილმა არჩევნები მოულოდნელად გამართულ ბრიფინგზე მოითხოვა.

„არჩევნების მზაობა არსებობს, დიახ, ნიკა მელიას და ყველას გვინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს. ამ სამუშაო შეხვედრებს[პარტიაში] ამ ადამიანების ნაწილი ესწრებოდა, ნაწილი არა. მე ამ ადამიანების მხრიდან არჩევნებთან დაკავშირებით ასე აქტიური პოზიცია არ გამიგია, პირიქით, ყველაზე აქტიური, ვისაც სურდა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა, ნიკა მელია იყო“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ენმ-ის წევრი ანი წითლიძეც აცხადებს, რომ არასწორია ის ფორმა, რაც თანაპარტიელთა ნაწილმა არჩევნების მოთხოვნისთვის შეარჩია.

მისი თქმით, ენმ-ში არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობენ და ეს იქნება პროცესი, რომელიც პარტიას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გამარჯვებულს გამოიყვანს.

„არ ვიცოდით ნამდვილად და ასეთ ფორმას საჯაროდ გამოხატვის პარტიის შიდა საქმეებზე, ნამდვილად ვერ დავეთანხმები და ვთვლი, რომ ეს არის არასწორი. მაშინ, როდესაც პარტიაში დისკუსია არჩევნებთან დაკავშირებით იყო გახსნილი და ჩვენ რამდენიმე თვეა ამაზე ვმსჯელობთ. დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო შეხვედრა, შესაბამისად, რა არგუმენტი აქვთ ამასთან დაკავშირებით, არ ვიცი. სამწუხაროა, რომ ეს ფორმა აირჩიეს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს შეეხება.

ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ბრიფინგი გამართეს ენმ-ის წევრებმა: ირაკლი ნადირაძემ, თაკო მეტრეველმა (რუსთავის საკრებულოს წევრი) თათია ნიკოლაიშვილმა (ოზურგეთის საკრებულოს წევრი) და ბონდო თედორაძემ (ქობულეთის მერობის კანდიდატი 2021 წელს).

როგორც ენმ-ის და თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია იყოს ძლიერი, ორგანიზებული და ქმედითი, რადგან „მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს გათავისუფლების და ოლიგარქის დამარცხების მთავარი ინტსრუმენტი“ ძლიერი „ნაციონალური მოძრაობაა“.

ენმ-ს წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი