საზოგადოება

მელია აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – ხაბეიშვილი

27 ნოემბერი, 2023 •
მელია აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარაა. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას დრო ჰქონდა, 23 ნოემბრის მანიფესტს შეერთებოდა, თუმცა ეს არ გააკეთა.

„მან [ნიკა მელიამ] თავად გადაწყვიტა, რომ არ იყოს პარტიის წევრი და, შესაბამისად, არ ითვლება [პარტიის წევრად]. საჯაროდ ვამბობ, რომ ეს ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ის ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. მე მას ლაპარაკს, საუბარს ვერ ავუკრძალავ, არც ვაპირებ, არც ჩემს ინტერესში არ არის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ფორმულას“ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხა, რადგან თავად მელიას არ განუცხადებია ენმ-ის დატოვების შესახებ და არსებობს თუ არა ამის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის პარტიის წევრი აღარაა. რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ „წერილი მისწერონ და პასუხს გაუგზავნიან“.

ხაბეიშვილის თქმით, მელიამ თავად გადაწყვიტა, რომ არ იყოს პარტიის წევრი.

ამის შემდეგ ლევან ხაბეიშვილს მელიას შესახებ კითხვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ფურცელზე დაუწერა.

„ბატონო ლევან, ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი? მომიწერეთ ხელი ამაზე “, – მიმართა ვახო სანაიამ ლევან ხაბეიშვილს და ფურცელი გაუწოდა.

ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის მიერ ფურცელზე დაწერილ კითხვას წერილობითვე უპასუხა და იმავე ფურცელზე მიაწერა – „არ არის, არ წარმოადგენს“ და თან თავის ხელმოწერა დაურთო.


23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა. მანიფესტში წერია, რომ დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს“. ნათქვამია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს პარტია ენმ-ის მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას, იმავდროულად, პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა.

მანიფესტს ხელს აწერენ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის და პოლიტსაბჭოს წევრები, თუმცა მასზე ხელი არ მოუწერია პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და მის თანამოაზრეებს.

მანიფესტის შექმნის იდეა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. მისი თქმით, მანიფესტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი