“პარტიამ, სამწუხაროდ, დაკარგა სოლიდურობა, პერსპექტივა და ზრდის პოტენციალი”, — დასძენს “ნაციონალური მოძრაობაზე” საუბრისას მისი ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. მანვე ისაუბრა იმის შესახებ, რა გეგმები აქვს სამომავლოდ და აპირებს თუ არა პარტიის დატოვებას.
“ტვ პირველის” ეთერში მელიამ “უმძიმესად” შეაფასა ენმ-ის მდგომარეობა და დასძინა, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში ენმ-ს სულ უფრო მეტი საერთო აქვს “ქართულ ოცნებასთან”. ამ კონტექსტში მან “კლანური მმართველობა” ახსენა.
ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, მიმდინარე წლის იანვარში ჩატარებული შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ შეცვალა. ყოფილი თავმჯდომარე პარტიაში რჩება, თუმცა მასსა და ხაბეიშვილს შორის არაერთ საკითხზეა უთანხმოება.
“მე პარტიაში ვიქნები, თუკი ის იქნება დემოკრატიული მმართველობის ქვეშ. მე პარტიაში ვიქნები, თუ პარტია იქნება დაფუძნებული ღირებულებებზე და ფასეულობებზე. აუცილებლად ვიქნები, რადგან ამ პარტიისთვის ძალიან ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, ისევე როგორც ძალიან ბევრ [სხვა] ადამიანს.
მე გამიგია ქვეყნის პატრიოტიზმი, მაგრამ არ გამიგია პარტიული პატრიოტიზმი. მე გამიგია პარტიული ერთგულება, პატივისცემა კოლეგებისადმი, პარტიის წევრებისადმი და მგონია, რომ ამ წლების განმავლობაში აქ არაფერი შემშლია.
ამიტომ, სანამ ვხედავ თუნდაც მცირეოდენ თეორიულ შანსს, რომ ეს პარტია გადარჩეს — გადარჩეს ფასეულობების მხრივ, არ განიძარცვოს ამ ყველაფრისგან — ბუნებრივია, მე ვიქნები იქ, სადაც ვხედავ, რომ პარტია არის ინსტრუმენტი, რომ შენი შეხედულებები, მოსაზრებები, იდეები განახორციელო, რომლებიც სწორი და მართალია”, – დასძინა მელიამ კითხვის საპასუხოდ, აპირებს თუ არა ენმ-ის დატოვებას.
მისი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ პარტიაში დაპირისპირება მხოლოდ თავმჯდომარის არჩევნებმა გამოიწვია, რაც ასე არ არის. ის ახსენებს არჩევნების შემდეგ, თებერვალში ჩატარებულ საკამათო ყრილობას, რა დროსაც, ხაბეიშვილის თავმჯდომარედ დამტკიცებასთან ერთად, ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც დაამტკიცეს და პარტიული თანამდებობები გაანაწილეს.
როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკური საბჭოს ძველი შემადგენლობის გაუქმებისა და ახლის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა იმ დრომდე მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილს. ამის გამო ხაბეიშვილი ენმ-ის არაერთმა წევრმა გააკრიტიკა.
“პრაქტიკულად გაყარეს პარტიის აქტიური წარმომადგენლების ნახევარი. არა მხოლოდ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, არამედ გააუქმეს ორგანო, რომელიც უნდა არჩეულიყო მარტის თვეში. და მეც, ადამიანი, რომელიც მთელი 11 წელი ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ ბრძოლაში, რომელიც მჯერა, რომ ჩვენი შვილებისთვის იქნება სარგებლის მომტანი, პრაქტიკულად, გამომაგდეს. ეს იყო უნებლიე შეცდომა? არა, ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი”, — დასძენს მელია.
ის კვლავ საუბრობს დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის არაფორმალურ მონაწილეობაზე პარტიის მართვაში და ამ კონტექსტში ენმ-ის ხელისუფლების დროინდელ კიდევ ერთ მინისტრს ასახელებს — ზურაბ ადეიშვილს. მისი თქმით, სწორედ ეს სამი პირი იყო 5 თებერვლის ყრილობის “ავტორი”.
“ეს პარტია თუ ვინმესია ამ წუთას, ვინც ფლობს სრულად ბერკეტებს პარტიის მართვისა, არის ბატონი კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი”, — აღნიშნავს მელია.
თავად კეზერაშვილმა აპრილში მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პარტიაში “არანაირი ფუნქცია და როლი” არ აქვს. მანვე გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს ენმ-ს და იყოს “ერთ-ერთი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში”.
რაც შეეხება მერაბიშვილს: მარტში, როცა მან ისაუბრა მასობრივი აქციების საჭიროებაზე მთავრობის შესაცვლელად, ენმ-მ განაცხადა, რომ მერაბიშვილი პარტიის პოზიციებს არ ახმიანებს და არც რაიმე თანამდებობა უკავია, გამოხატვის თავისუფლება კი ყველას აქვს.
აპრილში,“ტვ პირველის” სიუჟეტით ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად შეხვედრებს მართავს. მოგვიანებით ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ ოფისის გახსნა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ჩატარებული ყრილობის შემდეგ “პარტია პრაქტიკულად ორად გაიყო”.
მელიას ამ ნაბიჯის საპასუხოდ ენმ-ში თქვეს, რომ სეპარატიზმის მცდელობები პარტიის საუკეთესო ინტერესებს აზიანებს, ხოლო “პარტიაზე განხორციელებული თავდასხმები სრულიად აუხსნელი მოვლენაა”.
გასულ პერიოდში მელიას არ დაუდასტურებია ცნობები იმის შესახებ, რომ ენმ-ს ტოვებს და ახალ პარტიას ქმნის.