ახალი ამბები

ახალი პოლიტსაბჭოს გაუმჭვირვალედ დამტკიცებისთვის ხაბეიშვილს აკრიტიკებენ

5 თებერვალი, 2023 • 2163
ახალი პოლიტსაბჭოს გაუმჭვირვალედ დამტკიცებისთვის ხაბეიშვილს აკრიტიკებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილი პარტიის ახალ მენეჯმენტს ახალი პოლიტსაბჭოს „გაუმჭვირვალედ“ და „არადემოკრატიულად“ დამტკიცებისთვის აკრიტიკებს. როგორც ისინი აცხადებენ, ძველ პოლიტსაბჭოს ვადა მიმდინარე წლის მარტამდე ჰქონდა და მათთვის მოულოდნელი იყო ახალი პოლიტსაბჭოს დამტკიცება.

დღეს, 5 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-10 ყრილობა გაიმართა, რა დროსაც ახლადარჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დამტკიცებასთან ერთად, დაამტკიცეს პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა, ასევე, გაანაწილეს პარტიული თანამდებობები. როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკური საბჭოს ძველი შემადგენლობის გაუქმებისა და ახლის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა დღემდე მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილს.

მათ თქმით, პოლიტსაბჭოს ამ ფორმით დაკომპლექტება არის „სამარცხვინო“ და „არაფორმალური მმართველობის“ გამოხატულება.

ახალი პოლიტსაბჭოს დამტკიცება საჯაროდ უკვე გააკრიტიკეს ეკა ხერხეულიძემ, ხატია დეკანოიძემ, გიორგი ონიანმა, გიორგი პატარაიამ, ზვიად კუპრავამ და ა.შ.

„ასე ქოცებს არ მოვუხსნივარ 2012-ში. მიუხედავად ამისა, წარმატებები მიშას [სააკაშვილი] და ნიკას [გვარამია] განთავისუფლების საქმეში. სიმართლისთვის ბრძოლა საჭიროა ყველგან, მათ შორის, პარტიაშიც. ამიტომ, ამ ბრძოლის ჯარისკაცობა ყველაზე საამაყო პოზიციაა, სიმართლე და ღირსება გაიმარჯვებს ყველგან და გაამარჯვებინებს ჩვენ ქვეყანას!“, — დაწერა გიორგი ონიანმა, რომელიც დღემდე პოლიტსაბჭოს წევრი იყო.

პარტიას აკრიტიკებს ენმ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და ასევე ძველი პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი პატარაიაც:

„პარტიის ახალმა მენეჯმენტმა დემოკრატიის პირველი გაკვეთილი „ჩააბარა“.

ისე ჩაგვხსნეს პარტიის პოლიტიკური საბჭოდან, რომელსაც ვადა მარტში ეწურებოდა, რომ ერთი სმს-იც კი არ გამოუგზავნიათ.როდესაც ვიკითხე, რა იქნებოდა ყრილობის დღის წესრიგი, გამაცნეს:
  1. პარტიის თავმჯდომარის დამტკიცება;
  2. პარტიის გენერალური მდივნის არჩევა;
  3. მიმდინარე საკითხები.

თურმე, მე-3 პუნქტი ახალი პოლიტიკური საბჭოს დამტკიცების ასეთ ფორმას გულისხმობდა.“

პატარაია პარტიის ახალ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პერსონალურადაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ „აი, ასე გამოიყურება არაფორმალური მართვა. თუ „შეფის“ ბრძანებას არ შეასრულებ, ვერც თავმჯდომარე იქნები და ვერც მისი მსგავსი… ძალიან მძიმეა, ძალიან!“

ძველი პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი წევრი, პარლამენტარი ეკა ხერხეულიძე კი მიიჩნევს, რომ ახალი პოლიტსაბჭო უფრო დემოკრატიული წესით უნდა აერჩიათ.

„დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არამცთუ ელექტრონული მეთოდით არჩევა შესთავაზეს ხალხს, არამედ, მთლად ისეთი წესი მიიღეს, რომელიც მთლიანად უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებზე“, — წერს ხერხეულიძე და დასძენს:

თავიანთივე მოგონილი არჩევნების შედეგით მიღებული 40%-ის მქონე კანდიდატი, ნიკა მელია, საერთოდ ამოუღიათ სიიდან. ის ერთადერთი პლუსი, რაც ამ არჩევნებს ჰქონდა, თავზე გადაახიეს მონაწილე 40%-ს. სამაგიეროდ, ასეთი კვოტა მოუგონიათ „დამსახურების მიხედვით“ და ამ კვოტით უსარგებლიათ 2012 წელს, დამარცხების შემდეგ, პუდელით გაქცეული ხალხის და მისთანების დაკომპლექტებით. სად იბრძოლეს, ვინ არიან, ერთად რომ მოზილო ყველა, ოდესმე რა გარჯა გაუწევიათ, საკუთარი ჩრდილით შეშინებულები,
სად იყვნენ, საერთოდ?“
ეკა ხერხეულიძე უსამართლობად მიიჩნევს პოლიტსაბჭოდან ისეთი წევრების გაგდებას, როგორებიც არიან: ხათუნა ოჩიაური, გიორგი პატარაია, ზურაბ მელიქიშვილი (ენმ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი), ნუგზარ წიკლაური და ა.შ.
„ცხადია, იქ არ ვიქნები, სადაც ბრძოლაში დაღლილი ჩემი მეგობრებისთვის ადგილი არ დაგიტოვებიათ და დროზე ამომშალეთ მათ, ვისაც იმასაც კი არ გკითხავთ — არ გრცხვენიათ?!“ — წერს ეკა ხერხეულიძე პირად ფეისბუკგვერდზე.
ჯერჯერობით, ენმ-ის ახალი მენეჯმენტი პარტიის წევრთა ნაწილის ბრალდებებს არ გამოხმაურებია.
მეტი ნახეთ აქ:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი