საზოგადოება

ენმ-ის წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

9 ნოემბერი, 2022 • 1144
ენმ-ის წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვს, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ბრიფინგი გამართეს ენმ-ის წევრებმა, მათ შორის: ირაკლი ნადირაძემ, თაკო მეტრეველმა (რუსთავის საკრებულოს წევრი) თათია ნიკოლაიშვილმა (ოზურგეთის საკრებულოს წევრი) და ბონდო თედორაძემ (ქობულეთის მერობის კანდიდატი 2021 წელს)

როგორც ენმ-ის და თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია იყოს ძლიერი, ორგანიზებული და ქმედითი, რადგან „მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს გათავისუფლების და ოლიგარქის დამარცხების მთავარი ინტსრუმენტი“ ძლიერი „ნაციონალური მოძრაობაა“.

„დღეს მე აქ ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ ლიდერებთან [ერთად] და ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ მოთხოვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელების მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე“, – განაცხადა ნადირაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი გულმხურვალე ამომრჩევლების ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიითა და გეგმით იბრძოლონ ქვეყნის თავისუფლებისთვის.

„მე ვიცი ჩემი ასობით კოლეგის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და ახლა საჭიროა, რომ ამ ადამიანებმა ღიად და საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი აზრი“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მისი თქმით, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და პარტია აუცილებლად გაძლიერდება.

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაა. ის ამ თანამდებობაზე აირჩიეს 2020 წელს ფეისბუკზე გამართული ონლაინ-არჩევნების შედეგად. პოლიტიკური საბჭო პარტიის მთავარი აღმასრულებელი ორგანოა. მის შემადგენლობას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი