ახალი ამბები

“მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს” – ხაბეიშვილი ენმ-ში არსებულ დაპირისპირებაზე

27 აპრილი, 2023 • 6460
“მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს” – ხაბეიშვილი ენმ-ში არსებულ დაპირისპირებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის შიგნით არსებულ დაპირსპირებაზე საუბრისას აცხადებს, რომ „მტკივნეული გადაწყვეტილების“ მიღება მოუწევს.

თუმცა, რას გულისხმობს „მტკივნეულ გადაწყვეტილებაში“, ხაბეიშვილი არ აკონკრეტებს.

ამის შესახებ ხაბეიშვილმა „მთავარ არხზე“ ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირებისა, IRI-ის კვლევის თანახმად, ენმ-ის რეიტინგი გაზრდილია, რაც ნიშნავს, რომ ხალხი ყველაფერს სწორად აფასებს.

„მიხარია, რომ პარტიის [რეიტინგი] მზარდია, მიუხედავად ტურბულენციისა და დაპირისპირებისა. ცოცხალი ორგანიზმია პარტია და არის ეს პრობლემები. არც მოგვწონს და კარგიც არ არის, მაგრამ მთავარია, რომ საზოგაოდება ამას ჯანსაღად აღიქვამს. ჯანსაღად აღიქვამს მათ შორის იმას, რომ მე მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ცუდია, რომ არჩევნების შემდეგ კონკრეტულმა ადამინებმა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილს კი არა, არამედ პარტიას ებრძოლონ.

კონკრეტული ადამიანები, ცოტა გაბრაზებულები და ნაწყნები, რას აღიქვამენ, სხვა არის. მეორეა, კვლევაში რა შედეგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო სივრცეში [ისმის], პარტია დაიშალა და გაიყოო, 2%-იანი ზრდა სხვა რომელ პარტიას აქვს ამ [IRI-ის] კვლევით ნოემბრიდან მარტამდე?! რეალობას ხომ ვერ გავაყალბებთ. ფაქტია, რომ ყველაზე მეტი ზრდა პროდასავლურ პარტიებს შორის [აქვს ენმ-ს], მიუხედავად ამ ტურბულენციისა და იმისა, რომ „აი, დაიშალა და გაიხლიჩნენო“. ხალხი კარგად აღიქვამს, ვინ არის მთავარი მოწინააღმდეგე და ვის ებრძვის „ქართული ოცნება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილი უარყოფს, რომ ის რომელიმე საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც მას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, უპირსპირდებიან, „უბრალოდ შარზე არიან“.

„მე ერთი კვირის წინ ბრიფინგზე ვთქვი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში [შიდაპარტიული] არჩევნები ჩატარდება და არავინ არავის არ დანიშნავს. ასევე შევთავაზე კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც პარტიის ინტერესი აქვთ და ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა უნდათ და არა ბრიფინგების მართვა ენმ-ის წინააღმდეგ, ნებისმიერი ინიციატივით მოგვმართონ. მზად ვარ, განვიხილო და შევყვე, მაგრამ თუ არც წერილს მოგვწერენ, არც კომუნიკაციაზე გამოდის და ადამიანი უბრალოდ შარზეა, ამას უკვე ხალხი აღიქვამს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.


„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტი თავად ამყარებს რეჟიმს და შიდა არჩევნების დროს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დევნის.

კერძოდ, „ნაციონალური  მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს ენმ-ის პარტიული სიიდან ამოიღო ის 4 ადამიანი, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში.

საქმე ისაა, რომ ბათუმის საკრებულოს მოქმედ წევრს ენმ-დან, ლაშა კილაბერიას უფლებამოსილება უწყდება – ის მექსიკის გავლით აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. მის ნაცვლად  ბათუმის საკრებულოში შესვლა ლევან გორგილაძეს უწევს, რომელიც ენმ-ის ბათუმის საკრებულოს პარტიულ სიაშია. ლევან გორგილაძე ენმ-ის ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და ეს პოზიცია მას შემდეგ დატოვა საკუთარი სურვილით, როცა ენმ-ის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.

თუ საბოლოოდ ეს 4 პირი პარტიული სიიდან ამოიღეს, ლაშა კილაბერიას ნაცვლად ბათუმის საკრებულოში ამირან დუმბაძე შევა.

ენმ-ის აქტივისტების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ცესკოს უკვე გაუგზავნა წერილი, სადაც ლევან გორგილაძის გარდა, კიდევ სამი პირის პარტიული სიიდან ამოღებას ითხოვს: როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე. ეს ადამიანებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს.

ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნოდარ დუმბაძის თქმით კი, მას პარტიის მენეჯმენტი ფრაქციის თავმჯდომარეობის დატოვებას სთხოვს.

როგორც ნიკა მელია ამბობს, ეს ნაბიჯები მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, რაც უპასუხოდ ვერ დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი