საზოგადოება

ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

16 ნოემბერი, 2022 •
ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.

ამის შესახებ მან დღეს, 16 ნოემბერს, ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მეგობრებთან და თანამებრძოლებთან რამდენიმედღიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

თავდაპირველად ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ ენმ-ის თავმდჯომარეობა არ აინტერესებს და არც არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. თუმცა აღნიშნული პოზიცია რამდენიმე საათში შეიცვალა და არ გამორიცხა, რომ საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა დამყოფი და დამპირისპირებელი.

„ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური ენმ და, შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური, უკომპრომისო, მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში. ჩემი მიზანია, ენმ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის – მის ამომრჩეველს, მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც ენმ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა.

ენმ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ვარდების რევოლუციის იდეალები, იმ ადამიანებს, ვინც უამრავი წნეხისა და დევნისა მიუხედავად, არ შეუშინდა არაფერს და მზად არის თავის გაწიროს სამშობლოს კეთილდღეობისთვის დღესაც“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილმა ინიციატივით მიმართა გიორგი ჩალაძეს, რომელიც ასევე აპირებს ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას. ხაბეიშვილი ჩალაძეს სთავაზობს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე აინტერესებს. მისი თქმით, ჩალაძეს სთავაზობს, რომ ამ შტაბს უხელმძღვანელოს.

ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის წადრგენისას, მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მხარდამჭერები, მათ შორის: დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი, დევი ჭანკოტაძე, ბადრი ბასიშვილი და დიმიტრი შაშკინი.

როგორც დავით კირკიტაძემ განაცხადა, ამ პროცესში დამარცხებული არ იქნება, რადგან მას ეყოლება გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული ხელმძღვანელები ეყოლება და გაერთიანებულად გაუმკლავდებიან ორ უმთავრეს გამოწვევას – მიხეილ სააკაშვილის საკითხს და „ოლიგარქის დამარცხებას“.

„სწორედ იმიტომ, რომ მე ლევანთან და ბევრ ადამიანთან მქონდა საუბარი, ვიზიარებ ლევანის ხედვებს, მხარს ვუჭერ მას თავიდან ბოლომდე. იმედი მაქვს, რომ ენმ-ის ყველა მომხრეს, მიუხედავად იმისა, იმყოფება ის დღეს ქვეყანაში თუ არა, მიეცემა საშუალება, რომ ჩართული იყოს და საკუთარი ხმა დააფიქსიროს ამ არჩევნებში და საერთო ძალისხმევით მივაღწიოთ ყველამ მიზანს“, – განაცხადა კირკიტაძემ.

გიორგი ბოტკოველის თქმით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა წარიმართლოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს პარტიის გაძლიერებისა და გაჯანსაღებისთვის ძალიან წინ გადაგდმული ნაბიჯია. ეს არჩევნები მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობით შევძლოთ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის, ოლიგარქიის დასრულებისთვის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულებისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა დავაყენოთ სწორ გზაზე.

სწორედ ასეთი დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული პარტია შექმნა მიხეილ სააკაშვილმა და ვფიქრობ, რომ დემოკრატიული პროცესი, წარიმართება პარტიაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის კანდიდატი, რომელიც ამ პროცესში იქნება ჩართული, იმ დემოკრატიული პრინციპებით იმოქმედებს, რომელიც საჭიროა დღეს პარტიის გაძლიერებისთვის. ვფიქრობ, რომ  ლევანის დღევანდელი განცხადება მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ის პროცესი, რომლის მომსწრეც უახლოეს პერიოდში გავხდებით.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი