ბუნდესტაგის წევრი ანიკო გლოგოვსკი-მერტენი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას, დეპუტატებს მოუწოდებს, ერთხელ და სამუდამოდ თქვან უარი რუსული კანონის მიღებაზე.
გერმანიის პარლამენტის წევრის განცხადებას ავრცელებს “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში”.
“ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო საქართველოდან, გადაუდებელი ვითარებიდან გამომდინარე, უნდა ვისაუბროთ საქართველოში ე.წ. „უცხოური აგენტების კანონზე“.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. 2023 წელს მათ ერთხელ უკვე სცადეს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, რომელიც დამნაშავეებად აქცევს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და საინფორმაციო საშუალებას, რომლებიც ქვეყნის გარედან დაფინანსებას იღებენ ან აშუქებენ იმ საკითხებს, რაც არ აწყობს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. კანონის მიზანია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დისკრედიტაცია, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული და თავისუფალი ერის განუყოფელი ნაწილია.
შესაძლოა, კანონპროექტს სახელი შეუცვალეს, მაგრამ კანონის სახელწოდება მის არსს არ ცვლის – იქნება ეს „კანონი უცხოელი აგენტების“ შესახებ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ – მნიშვნელოვანია მისი განზრახვა და შინაარსი.
ეს კანონი არის თავდასხმა დემოკრატიულ პროგრესზე, რომლის მისაღწევადაც ქართულმა საზოგადოებამ ბევრი იმუშავა. ის შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვასთან, რისთვისაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ამდენი ხანია იბრძვის.
მსგავსი კანონები ევროპის კავშირში არ არსებობს – და ეს უსაფუძვლოდ არ ხდება.
სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დისკრედიტაციის მიზნით ე.წ. „უცხოური აგენტის“ კანონის ხელახალი შემოღება, საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს თანამშრომლობას ევროპელ მოკავშირეებთან. ამიტომ, მოვუწოდებთ ქართველ დეპუტატებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ერთხელ და სამუდამოდ ხელი აიღონ ამ კანონის მიღებაზე.
თუ ამ კანონს მიიღებთ, იძულებულები ვიქნებით, მთლიანად გადავხედოთ ჩვენს თანამშრომლობას განვითარების მიმართულებით, საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი პროექტების ჩათვლით.
ასე რომ, მოგესალმებით ბერლინიდან და გთხოვთ, უარი თქვით “უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე”, – ამბობს ვიდეო მიმართვაში გერმანელი პარლამენტარი.
მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.
ამავე თემაზე: