„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პოლიტიკური აქტივისტის, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის თანახმად, ნიკა მელიას დაცვის წევრებმა მას და მის თანაგუნდელებს დაარტყეს, შემდეგ კი პარტიის ერთ-ერთი წევრი ანგარიშსწორებით დაემუქრა.
„ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი მუმლაძეს პროვოკაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დაცვამ ის და მისი თანაგუნდელები აღკვეთის მიზნით გაიყვანეს ოთახიდან. პარტიის წევრი მუქარას უარყოფს.
დაპირისპირება, სავარაუდოდ, პარტიაში და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
„მუქარა“
გიორგი მუმლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა მისი და ენმ-ის წევრის, თენგო სანაიას სავარაუდო მიმოწერა „მესენჯერში“. „სქრინების“ თანახმად, სანაია მუმლაძეს სწერს, „შენ უნდა გესროლო“, შემდეგ კი იარაღის ფოტოს უგზავნის და სწერს: „ამის გემოს გაგასინჯებ“.
მუმლაძის თანახმად, სანაიას ეს მუქარა მოჰყვა სანაიასვე პოსტზე მის კომენტარს. კერძოდ, სანაიამ კვირას, 25 სექტემბერს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც, სავარაუდოდ, სწორედ გიორგი მუმლაძეს აკრიტიკებს და წერს:
„რაღაც მოძრაობის დამფუძნებელი ვითომ ლიდერი რომ ხარ, „ნაც.მოძრაობაში“ ვინ იქნება თავჯდომარე, ვინ გეკითხება?!.. მიშას დედას რომ აგინებდი სტუდენტებთან, აუხსენი, რომ მაშინ შევცდი და არაკაცურად ვიქცეოდიო?”
მუმლაძე ამბობს, რომ ამ პოსტზე, რომელიც „ყალბ ინფორმაციას“ შეიცავდა, სანაიას „სათანადო პასუხი“ გასცა კომენტარით, რაც სანაიამ წაშალა და შემდეგ მუქარაზე გადავიდა – უკვე პირად შეტყობინებებში.
„აგენტი პარტიაში“? – რა უძღოდა ამას წინ
გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში არაერთი კითხვა ჰქონდა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ფონზე, პარტიის უმოქმედობასთან დაკავშირებით. იგი ხშირად აკრიტიკებს მელიას ფეისბუკზე.
მუმლაძის მონათხრობის თანახმად, ეს მუქარა მოჰყვა პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებასა და ჩხუბს. დაპირისპირების მიზეზი კი, მუმლაძის თანახმადვე, გახდა 10-ოდე დღის წინ „ტვ პირველზე“, ნოდარ მელაძის „შაბათში“ გასული სიუჟეტი სუს-ის მიერ ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილი აგენტების შესახებ.
კერძოდ, მუმლაძის თანახმად, ამ სიუჟეტის შემდეგ ენმ-ში “გავრცელდა ინფორმაცია“, რომ მუმლაძის თანაგუნდელი, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი ლაშა ხუსკივაძე, „სუს-ის აგენტია“ და მელაძის გადაცემის ანონსში, რომელიც აგენტებს ეხებოდა, მისი ხმა ამოიცნეს.
„ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც გადავწყვიტეთ, პასუხი მოგვეთხოვა, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასე უაპელაციოდ ავრცელებდა უბინძურეს ინფორმაციას“, – აცხადებს მუმლაძე.
მისი თქმით, გადაცემის ავტორთან, ნოდარ მელაძესთან გადაამოწმეს ინფორმაცია ხუსკივაძის აგენტობის შესახებ და „გაირკვა, რომ [ხუსკივაძე] არაფერ შუაში არ იყო ფაილებთან და ხმასთან, რაც სიუჟეტში იყო“.
გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა მოითხოვეს, „ეს საკითხი მოგვარებულიყო“ და მას, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებდა, ბოდიში მოეხადა.
„პირველ ეტაპზე ვერც ერთ ადამიანთან ვერ მოხდა დაკავშირება. შემდეგ გადაწყდა, რომ ნიკა მელიას თაოსნობით იქნებოდა შეხვედრა ორშაბათს [19 სექტემბერს], რომ ამაზე უნდა გვესაუბრა“, – ამბობს მუმლაძე.
მუმლაძის თქმით, ორშაბათს პარტიაში იყო შეხვედრა, სადაც უნდა მისულიყვნენ და ეს საკითხია „გაერკვიათ“: „შეკრებაზე მივედით 7 ადამიანი, „მოძრაობა საქართველოსთვის“. ამას უნდა დასწრებოდა მელია, პეტრე ცისკარიშვილი და აქ გაირკვეოდა, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია“. თუმცა, მუმლაძის მონათხრობის თანახმად, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა:
„ჩხუბი პარტიაში“
მუმლაძის ვერსია ასეთია: მელიასთან შეხვედრაზე თავდაპირველად 4 ადამიანი შევიდა, მოგვიანებით კი თვითონაც შევიდა და „დანარჩენებიც მიჰყვნენ“, რა დროსაც ნიკა მელიამ იკითხა: „ამათ აქ რა უნდათ“?
„ჩვენი მეგობრები იყვნენ, ვისაც უნდოდა დასწრება, რადგან მათ თანამებრძოლზე ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას; მელიამ თქვა, რომ არ უნდა, ეს ხალხი დაესწროს შეხვედრას… მელიას პასუხი იყო, შენც არ მინდა, აქ იყოო“, – ამბობს მუმლაძე.
მისი თქმით, მელია გაღიზიანებული იყო მის მიმართ დასმული კითხვებით და უთხრა: „რა კითხვებს მისვამ, ფეისბუკზე რა დღეში ხარ“? მუმლაძის თანახმადვე, მელიამ მას პროვოკატორი უწოდა, რის შემდეგაც მუმლაძემ შეიგინა:
„ჩემი მხრიდან იყო [ნათქვამი], არ დავმალავ: „ჩემსა და შენ შორის პროვოკატორის დედაც““, – ამბობს გიორგი მუმლაძე.
მისი თქმით, ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელშიც იყვნენ ჩართულნი ნიკა მელიას დაცვის წევრების ნაწილი, მისი მძღოლი და „სხვა პირები“.
„პირველი დაიწყეს მათ. რა თქმა უნდა, ვუპასუხეთ სათანადოდ, რაც შეგვეძლო. იყო ძალიან დიდი ჩხუბი… რამდენიმე ადამიანს ჰქონდა დაზიანებებიც“, – ამბობს მუმლაძე.
პარტიის პოზიცია
ნიკა მელიამ 24 სექტემბერს ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში საუბრისას უარყო პარტიაში ფიზიკური დაპირისპირება [მაშინ მუმლაძეს ჯერ არ ჰქონდა გაკეთებული განცხადება და გრიგოლია წყაროს მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უსვამდა კითხვას].
მოგვიანებით, 26 სექტემბერს, მუმლაძის განცხადების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ფეისბუკის გვერდზე პარტიის სახელით გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც მუმლაძის მონათხრობის განსხვავებულ ვერსიას აღწერს.
განცხადების თანახმად, არსებობს „ადამიანების მცირე ჯგუფი“, რომელიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და „დესტრუქციულ ნაბიჯებს“ დგამს.
რაც შეეხება სუს-ის აგენტის შესახებ ინფორმაციას, პარტიაშიც ადასტურებენ, რომ მელაძის გადაცემის ანონსში „ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იქნა საპროტესტო აქტივობებში ჩართული აქტიური ადამიანის ხმასთან“. პარტიის განცხადებით, მოვლენები ასე განვითარდა:
„საკითხის გარკვევის მიზნით მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია. ერთი კვირის წინ ეს ადამიანები მოვიდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურ მდივანთან შესახვედრად. მათგან რამდენიმე პირი იყო უკიდურესად აგრესიულად განწყობილი, რაც ასევე გამოიხატებოდა მათ მიერ სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებულ პოსტებში. შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაყვანილ იქნენ“.
პარტიის განცხადებაში არ არის ნახსენები თენგო სანაიას მიმართ მუმლაძის ბრალდება ან მასზე პასუხი.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სანაიას, რომელმაც უარყო მუქარა მუმლაძის მიმართ და მოგვწერა, რომ მუმლაძე „ოფისში შემოიჭრა რამოდენიმე ადამიანთან ერთად დედის გინებით და ბინძური შეურაცყოფებით“ და იგი „სუს-ის მართულია“ [მუმლაძემ მსგავს ბრალდებებს ფეისბუკ-ლაივში „სიბინძურე“ უწოდა].
გამოძიება?
გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ არ ენდობა „არანაირ სამართალდამცავ უწყებას“, რომლებიც მას პოლიტიკურად დევნიან, და ამიტომაც ოფისში ჩხუბის შემდეგ არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.
ინფორმაცია ჩხუბის შესახებ მან საჯაროდ 25 სექტემბერს გაავრცელა და იმავე დღეს ისაუბრა მის მიმართ მუქარის შესახებ.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, დაიწყება თუ არა ამ ორ სავარაუდო ფაქტზე გამოძიება და რა მუხლით.
მუმლაძემ, ენმ-ის განცხადების მერე, სადაც წერენ, რომ იგი პარტიაში შეიჭრა, განაცხადა, რომ ითხოვს, პარტიამ კადრები გაასაჯაროვოს.
„კიდევ ერთი პროვოკაცია“
პარტიაში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ მუმლაძემ კიდევ ერთი „პროვოკაცია მოაწყო“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, როცა მელია იქ იმყოფებოდა:
„რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით“.
პარტიის თქმით, ისინი არ აპირებდნენ ამ თემებზე საჯაროდ საუბარს, თუმცა, „რადგან რამდენიმე ადამიანმა საკუთარი პირადი მიზნების მისაღწევად გადაწყვიტა მცდარი ინფორმაციის გავრცელება“, ამიტომ აფიქსირებენ პოზიციას.
ენმ-ის თანახმადვე, „მთავარი აქცენტი ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო დამარცხებაზე უნდა გაკეთდეს“ და ხელი არ უნდა შეუწყონ „ოცნების“ სტრატეგიას, რომელიც „ითვალისწინებს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებისა და შიდა განხეთქილების განცდის შექმნას“.
უფრო ფართო დაპირისპირება?
გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ „ჭორია“, თითქოს იმიტომ დაუპირისპირდა ნიკა მელიას, რომ ეს უკანასკნელი დავით კეზერაშვილთანაა დაპირისპირებული, მუმლაძეს კი კეზერაშვილის მხარე უკავია.
„სისულელეა. ჩვენ მივედით პარტიაში ჩვენი პირადი ღირსების დასაცავად, რადგან გაავრცელეს, რომ სუს-თან ჰქონდა ურთიერთობა [ჩვენს თანამებრძოლს], თითქოს ფინანსები ვერ გაიყო, ან ვინმეს თანამდებობა უნდა“, – ამბობს მუმლაძე.
21 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მას მიაჩნია, ენმ-ის მმართველობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი „არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება იგი პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვი”.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილმა, – ლევან ხაბეიშვილმა, დავით კირკიტაძემ, გიორგი ბოტკოველმა, – მელია ამ ნათქვამის გამო გააკრიტიკეს.
მათ შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმაც განაცხადა, რომ მელიას მიერ დავით კეზერაშვილის კრიტიკა „არასწორია“.
მიხეილ სააკაშვილს ჯერჯერობით არ გაუკეთებია პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი.
ვრცლად: