ახალი ამბები

ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

10 ნოემბერი, 2022 • 951
ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

თუმცა ხაბეიშვილი მიესალმება პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას და აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია,  არჩევნები რაც შეიძლება მალე გაიმართოს.

მისი თქმით, ენმ-ს სჭირდება გადახალისება, თავმჯდომარეს კი- ლეგიტიმაცია, რათა პარტია თავის ამომრჩეველს დაუბრუნდეს.

„ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ ენმ უნდა იყოს ძლიერი, ყველას მოგიწოდებთ, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში, მათ შორის, პარტიის გაძლიერებისთვის.

მე დარწმუნებული, ვარ, რომ ჩემი კოლეგები ძალიან კარგად გაიაზრებენ ამ პროცესს. მინდა კონკრეტულ განცხადებებს გავუსვა ხაზი, არ შეიძლება პარტიზანები ეძახო შენს თანამებრძოლებს, ეს არის წარმოუდგენელი დამოკიდებულება პარტიის საკრებულოს არჩეული წევრების მიმართ. ამიტომ მოგიწოდებთ სიმშვიდესკენ და ერთიანობისკენ, ეს არჩევნები გამოვიყენოთ პარტიის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების 80% და საკრებულოების წევრების უმრავლესობა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს და ცვლილებებს ემხრობა.

„მე ვარ მომხრე განახლების, ცვლილებების. პარტიის თავმჯდომარეები მიდიან და მოდიან, ამაში არც ტრაგიკულია რამე, არც არანორმალური და არც პარტიის სისუსტეზე მეტყველებს. მეტიც, პარტიის სიძლიერეა, როცა ენმ-ის გარშემო არის უამრავი ლიდერი, რომელსაც შეუძლია პარტიის გაძლიერება.

ამიტომ არანაირი პარტიის თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილს არ აინტერესებს, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ მაქვს კონკრეტული პოზიცია ცვლილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს. ამის შესახებ 9 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ბრიფინგი გამართეს ენმ-ის წევრებმა: ირაკლი ნადირაძემ, თაკო მეტრეველმა (რუსთავის საკრებულოს წევრი) თათია ნიკოლაიშვილმა (ოზურგეთის საკრებულოს წევრი) და ბონდო თედორაძემ (ქობულეთის მერობის კანდიდატი 2021 წელს).

როგორც ენმ-ის და თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია იყოს ძლიერი, ორგანიზებული და ქმედითი, რადგან „მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს გათავისუფლების და ოლიგარქის დამარცხების მთავარი ინსტრუმენტი“ ძლიერი „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

როგორც ისინი აცხადებენ, ენმ-ში შიდა არჩევნების ჩატარების ინიციატორი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იყო და ეს საკითხი უკვე რამდენიმე კვირაა პარტიაში განიხილება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი