კომენტარი

ბრძოლა კიევისთვის – მე-5 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

28 თებერვალი, 2022 • 4238
ბრძოლა კიევისთვის – მე-5 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

მეხუთე დღეა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან. რა ხდება უკრაინის დედაქალაქში, სხვა ქალაქებში, სადაც პერიოდულად განგაშის სიგნალის და აფეთქებების ხმა ისმის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,  რომლებშიც სოლიდარობის აქციები იმართება და სანქციები წესდება?

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ 28 თებერვლის სიახლეებს უკრაინაში მიმდინარე ომის  შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ. 

მოვლენებს განახლებად რეჟიმში  შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ნეტგაზეთის ტელეგრამის არხზე: https://t.me/ambebiukrainidan

ამბებს რუსულ ენაზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და გაუზიაროთ მეგობრებს უკრაინაში ნეტგაზეთის რუსული ვერსიიდან: ru.netgazeti.ge 

მნიშვნელოვანი დეტალები: 

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დააწესეს მძიმე ეკონომიკური სანქციები. 
  • გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს მიაწვდის;
  • პოლონეთმა განაცხადა, რომ უკრაინა სწრაფად უნდ აგახდეს ევროკავშირის წევრი; 

20:32 უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა. ამ ეტაპზე, მხარეები მსჯელობენ მეორე რაუნდის შესაძლებლობასაც.

როგორც ჟურნალისტებთან ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ შეხვედრისას განიხილებოდა ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტაა.

19:50 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე.

17.19 ექიმი ტრვმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებს წარსულში ცხინვალში ჰყავდათ  დაკავებული, აცხადებს, რომ უკრაინაში მიდის. ნეტგაზეთთან კომენტარში ის ამბობს, რომ უკრაინას დაეხმარება, როგორც ექიმი.

16.40 შავ ზღვაში მდებარე უკრაინული კუნძულის, ზმეინის დამცველები, რომელთა შესახებ ცნობილი იყო, რომ რუსულ გემთან დაპირისპირებაში დაიღუპნენ, ცოცხლები არიან.

16.05 უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხარკოვი გრადის ტიპის რაკეტებით დაბომბეს. ის ათეულობით დაღუპულზე საუბრობს.

14.05 უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურით დაუყოვნებელ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმართავს.

13.00  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ მუშაობს, ხოლო თუ თბილისი აღნიშნულ სანქციებს შეუერთდება, საქართველოს მოსახლეობა იზარალებს.

ეს და სხვა განცხადებები ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მანვე ვრცლად ისაუბრა 2008 წლის ომზე და თქვა, რომ მაშინდელი ხელისუფლების წევრები საქართველოდან გაიქცნენ.

11.30 კიევში იმყოფება 400-ზე მეტი რუსი დაქირავებული, რომელთაც კრემლისგან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავრობის ლიკვიდაციის ბრძანება აქვთ “კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ”. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს.

11.16 რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი 2022 წლის 28 თებერვლიდან 10.5 ერთეულით გაიზარდა და ნაცვლად 9.5 პროცენტისა, 20 პროცენტი გახდა.

09.30 ახლა კიევში ადგილობრივი დროით 07.30 საათია.  უკრაინის დედაქალაქში პერიოდულად ისმის სირენების ხმა, თუმცა როგორც უკრაინის სამხედრო ძალები აცხადებენ კიევში სიტუაცია “კონტროლს ქვეშაა”.   ქალაქში კვლავ არ მუშაობს  საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტროს მოქალაქეები იყენებენ თავშესაფრად. დღეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს ბელარუსის საზღვართან.

02:22 — ძალიან ბევრი სფეროა, სადაც ერთად ძალიან ახლოს ვმუშაობთ და ცხადია, გარკვეულ პერიოდში ისინი ჩვენთან იქნებიან. ის [უკრაინა] ერთ-ერთი ჩვენგანია და ჩვენ გვსურს მათთან“, — თქვა ევროკომიის პრეზ ლაიენმა ევრონიუსთან ინტერვიუში.

02:15 — საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა საკუთარი გავლენები მეზობელ ქვეყნებზე მათ შორის, საქართველოსა და მოლდოვაზე გაზარდოს და მხოლოდ უკრაინაზე არ შეჩერდეს.

01:33  — უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამ დრომდე, სულ მცირე, 352 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის, 14 ბავშვია.

01:21 — საინფორმაციო სააგენტო Reuters სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს, რომელზეც კიევისკენ მიმავალი რუსული სამხედრო კოლონაა ასახული.

როგორც გამოცემა წერს, ფოტოები დღეს, კერძო ამერიკული კომპანია Maxar Technologies-ის მიერაა გადაღებული კიევიდან დაახლოებით 64 კილომეტრში და მასზე ასობით სამხედრო ტექნიკაა ასახული, რომელიც 5 კილომეტრს იკავებს.


01:12 — რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ სამგზავრო თვითმფრინავი კანადის საჰაერო სივრცეში შესვლამდე, გრენლანდიის თავზე, უკან, მოსკოვში მიაბრუნეს. რისი  SU124 მოსკოვიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა.

01:10 — ბელარუსში, რომლის ხელისუფლებამაც ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად რეფერენდუმი ჩაატარა, მოქალაქეთა ჯგუფებმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა გააპროტესტეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 27 თებერვლის პროტესტი ზოგიერთი ქალაქის საარჩევნო უბნებთან დაიწყო, შემდეგ კი მიმდებარე ქუჩებში გაგრძელდა. არაერთი ადამიანი პოლიციამ დააკავა.

01:02 — Silknet-ზე კრემლის პროპაგანდისტული არხების ნაწილი გათიშულია.

00:41 — ომის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე რუსეთის მასშტაბით 4 დღეში 6 000-მდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN OVD-Info-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

00:22 — აშშ და საფრანგეთი მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი