დღეს მედიასთან ბრიფინგი გამართა მიხაილო ფედოროვმა, რომლის გადადგომის შესახებაც გუშინ გახდა ცნობილი. ბრიფინგზე მან, სხვა საკითხებთან ერთად, აღიარა საკუთარი კონფლიქტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან.

„რეალურად, როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ სირსკის შეცვლას არ გეგმავს — ეს მისი, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებაა. მე ამ გადაწყვეტილებას სრულად დავეთანხმე და ვთქვი: ესე იგი, მე უნდა ვისწავლო მასთან მუშაობა, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენი კლიენტი (რედ. დამკვეთი) უკრაინელი ხალხია და არა ვინმე სხვა“, — განმარტა ფედოროვმა „РБК-Украина“-ს მიხედვით.

თუმცა, მისი თქმით, სირსკიმ მისი ინიციატივების დაბლოკვა დაიწყო. ფედოროვმა თქვა, რომ სირსკი მზად არაა პრობლემებზე პირდაპირ ილაპარაკოს, მაგრამ მზადაა „პირადად იაროს შეხვედრებზე, ხლართოს ინტრიგები და იფიქროს, რომ მედიაში მის წინააღმდეგ კამპანია ვინმემ შეუკვეთა, ნაცვლად იმისა, რომ პრობლემა რეალურ ქმედებებში დაინახოს“.

ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკის შვიდი წელია იცნობს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს „სირსკის მხარე ჯერ კიდევ არ დაუკავებია“. მისი თქმით, მან ეს სიტუაცია სახელმწიფოს მეთაურთან უკვე განიხილა და მათ საჯარო უთანხმოებას კონფლიქტად არ მიიჩნევს.

მან აღნიშნა, რომ ერთ გუნდში მუშაობის წლების განმავლობაში მას და პრეზიდენტს „ერთმანეთი არასოდეს დაუღალატებიათ“, თუმცა ახლა თითოეული მათგანი სიტუაციის საკუთარი ხედვით ხელმძღვანელობს.

მან ასევე ისაუბრა მობილიზაციასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია ახალი საზოგადოებრივი შეთანხმების, ჯარში სისტემური ცვლილებებისა და სამხედრო მოსამსახურეებისადმი ჯეროვანი დამოკიდებულების გარეშე.

ფედოროვის თქმით, იგი ნახევარი წლის განმავლობაში შეგნებულად არ აკეთებდა კომენტარს მობილიზაციის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკომპლექტების ტერიტორიული ცენტრები სახმელეთო ჯარებს ექვემდებარება, ეს უკანასკნელი კი — უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს. ამავდროულად, ფედოროვი ამბობს, რომ მობილიზაციის საკითხის მოგვარება შეუძლებელია იმ პრობლემებისგან მოწყვეტით, რომლებიც უშუალოდ ჯარის შიგნით არსებობს.

ბრიფინგზე ფედოროვმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი შესთავაზა, თუმცა მან ამაზე უარი თქვა.

ფედოროვი გამოეხმაურა კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტიდან მისი გადაყენების წინააღმდეგ გამართულ აქციებს.

„ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ქუჩაში უკრაინელი ხალხი გამოვიდა. უკრაინელი ხალხი კონკრეტული მინისტრის, ფედოროვის გამო კი არ გამოსულა, ხალხი საკუთარი თავის დასაცავად გამოვიდა“, — განაცხადა ფედოროვმა.

იხილეთ: