უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხარკოვი გრადის ტიპის რაკეტებით დაბომბეს.
მისი ინფორმაციით, დაღუპულია ათეულობით და დაშავებულია ასობით ადამიანი. მონაცემები ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
“ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს” – წერს გერაშენკო “ფეისბუკზე” და აზიარებს ვიდეოს, რომელზეც დაბომბვის მომენტი ჩანს. ავტორის თანახმად, კადრები ხარკოვშია გადაღებული.
ხარკოვში განვითარებულ პროცესებზე უკრაინის ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ვოლოდიმირ ომელიანმაც დაწერა სოციალურ ქსელში.
„პუტინი ხარკოვს გრადებით ბომბავს! უკრაინის არმიის განადგურების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსმა კრიმინალებმა დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება“, – დაწერა მან Twitter-ზე.
ამ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა მოლაპარაკებების დაწყება რუსეთსა და უკრაინას შორის, ბელარუსის საზღვართან.
დღის ბოლოს, ხარკოვის დაბომბვის შედეგებზე ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა ისაუბრა:
„ხარკოვის უბნების დღევანდელმა დაბომბვამ აჩვენა – ეს არ არის საომარი ოპერაცია, ეს არის ჩვენი მკვლელობა, უკრაინელი ხალხის განადგურება. პირველად მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, ხარკოვს ამის გადატანა მოუხდა. ჭურვები ეცემოდა საცხოვრებელ სახლებს, კლავდა და ასახიჩრებდა მშვიდობიან მოსახლეობას.
ასეთი რამ ხარკოვის ისტორიას ბოლო წლებში არ ახსოვს. მხოლოდ დღევანდელი მონაცემებით – 37 დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია; ოთხი ადამიანი გამოვიდა თავშესაფრიდან წყლის მოსამარაგებლად და დაიღუპა. ოჯახი – ორი ზრდასრული და სამი ბავშვი – ცოცხლად დაიწვა მანქანაში“, – აცხადებს ის.
მე-5 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.
ამავე თემაზე:
ბრძოლა კიევისთვის – მე-5 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]