ეკონომიკა

ვის მოაკლდება ეს შემოსავალი? ჩვენს ხალხს — ღარიბაშვილი რუსეთის სანქცირებაზე

28 თებერვალი, 2022 • 3347
ვის მოაკლდება ეს შემოსავალი? ჩვენს ხალხს — ღარიბაშვილი რუსეთის სანქცირებაზე

ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ საქართველო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი მოაკლდება საქართველოს მოსახლეობას. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილმა ჩამოთვალა შემოსავლები, რომელთაც, მისი თქმით, საქართველო იღებს რუსეთის ბაზრიდან, რუსეთში მცხოვრები ქართველებისგან და რუსეთთან დაკავშირებული სხვა წყაროებიდან.

“მინდა, რამდენიმე მაგალითით ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, თუ რას ნიშნავს და რას ნიშნავდა ჩვენთვის რუსეთის ბაზრის გახსნა…

2013-2021 წლებში საქართველოდან რუსეთში, ჯამში, ექსპორტირებულია 2 მილიარდი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია, სხვა პროდუქციის ექსპორტი. ჯამური ღირებულება შეადგენს 3 მილიარდ დოლარს. ეს არის 2.2 მილიონი ტონა პროდუქციის ექსპორტი.

ასევე მინდა გითხრათ, ღვინის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 865 მილიონი დოლარი. ამის შემდეგ, ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო წლებში, 5 წელიწადში, მიიღო 3 მილიარდი დოლარი შემოსავლის სახით და 5 მილიონზე მეტი რუსი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში.

1 მილიონი ქართველი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად საშუალო გადმორიცხვების ჯამური ღირებულება შეადგენს 500 მილიონს. ანუ ჯამურად ბოლო წლებში 3 მილიარდი შემოვიდა, რუსეთიდან გადმოირიცხა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან.

ჯამურად ეს რომ მოვთვალოთ, ეს გამოდის 12 მილიარდზე მეტი ბოლო 7-8 წელიწადში”, — დასძინა მან.

ღარიბაშვილის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველოც შეეუერთდება, საქართველოს მოსახლეობას შემოსავალი  მოაკლდება.

“მე კითხვას ვსვამ, მეგობრებო, როცა საუბარი არის სანქციების დაწესებაზე და, რა თქმა უნდა, მე მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა: ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი.. ყველა არის ჩართული ამ პროცესში.

ანუ, რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები? ვის მოაკლდება ეს ყველაფერი, შემოსავალი? მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას, დაიჩაგრება 1 მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ გადმორიცხვას, მაგალითად რომ ვთქვათ, თუ გავურთულებთ მათ ფინანსურ ოპერაციებს”.

ღარიბაშვილმა 25 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან მეორე დღეს თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მისივე სიტყვებით, ” უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს.

პრემიერ-მინისტრის ეს განცხადებები გააკრიტიკეს საპროტესტო აქციაზე, რომელიც თბილისში იმავე დღეს, უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართა.

ბრძოლა კიევისთვის – მე-5 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი