ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდადებული, „გრინსერვისის“ ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ფურცხვანიძემ, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა 2023 წლის 10 ივლისს შეეფარდა, სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ, 15 ივლისს, ელექტრონული სამაჯურით დატოვა.
„გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ, სამაჯურით გამომიშვეს. უდოს კომისია მივმართე და მათი გადაწყვეტილება იყო. იმ კომპანიაში არ დავბრუნდები, თუმცა ვერ გეტყვით ჯერჯერობით ოჯახთან ვარ და ამას ვაპირებ“, — განუცხადა ფურცხვანიძემ „ტვ პირველს“.
ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული კომპანიის „გრინსერვის პლუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და კიდევ 8 პირი დააკავეს, მათ შორის, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს.
ფურცხვანიძეს ბრალი წაუყენეს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, მერიის მიერ ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა.
მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
