ახალი ამბები

კიევში “ვაგნერის” 400-ზე მეტი მებრძოლი მოქმედებს ზელენსკის ლიკვიდაციის მიზნით — The Times

28 თებერვალი, 2022 •
კიევში “ვაგნერის” 400-ზე მეტი მებრძოლი მოქმედებს ზელენსკის ლიკვიდაციის მიზნით — The Times

კიევში იმყოფება 400-ზე მეტი რუსი დაქირავებული, რომელთაც კრემლისგან მიღებული აქვთ ბრძანება, მოახდინონ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავრობის ლიკვიდაცია “კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ”. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია კერძო მილიციაზე, სახელწოდებით “ვაგნერი”, რომელსაც “ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე მართავს”. The Times წერს, რომ დაჯგუფებამ დაქირავებულები უკრაინის მთავრობის ლიკვიდაციისა და რუსეთის მისიით 5 კვირის წინ გაგზავნა აფრიკიდან.

გამოცემის მიხედვით, “ვაგნერის” წევრები კრემლისაგან მწვანე შუქს ელოდებიან, მათ სიაში კი, ზელენსკის გარდა, ასევე არიან უკრაინის პრემიერ-მინისტრი და მთელი კაბინეტი, ასევე, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და მისი ძმა — ჯამში, 23 ადამიანი.

“მათი მისიის შესახებ ინფორმაციამ უკრაინის მთავრობამდე მიაღწია შაბათს დილით, რამდენიმე საათის შემდეგ კი კიევმა გამოაცხადა 36-საათიანი „მძიმე“ კომენდანტის საათი რუსი დივერსანტებისაგან ქალაქის გასაწმენდად”, — წერს გამოცემა.

ავტორი ამატებს, რომ კიევის ხელმძღვანელობამ გააფრთხილა მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ თუ კომენდანტის საათის დროს გარეთ გავიდოდნენ, კრემლის აგენტებად იქნებოდნენ აღქმულნი და ლიკვიდაციის რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ.

წყაროებმა The Times-ს ასევე უთხრეს, რომ იანვრის თვეში უკრაინაში 2 000-დან 4 000-მდე დაქირავებული ჩავიდა სხვადასხვა მისიით. ზოგიერთი მათგანი გაიგზავნა დონეცკსა და ლუგანსკში, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

გაზეთის მიხედვით, “ვაგნერის” წევრები ზელენსკის და მის კოლეგებს მობილური ტელეფონების მეშვეობით ადევნებენ თვალს. სხვა წყარო ირწმუნება, რომ დაქირავებულებს დაევალათ, მოეცადათ, სანამ მიმდინარე კვირაში პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს ზელენსკისთან.

რუსული სამხედრო დაჯგუფება ვაგნერი ძირითადად მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს დაქირავებული სამხედროებით.

ისინი ჩართულნი იყვნენ უკრაინაში 2014 წელს, ევრომაიდნის ოპერაციაში უკრაინის პრორუსული ხელისუფლების სასიკეთოდ. გარდა ამისა, ვაგნერი მონაწილეობდა ოპერაციებში სირიაში, ლიბიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში.

რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ვაგნერს კავშირი არ აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან, არ ფინანსდება მისგან და მისი კონტრაქტორები მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი სამხედროები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი