საზოგადოება

ვინ არის გაიაშვილი, რომელიც რუსეთის გამო პრეზიდენტს პერსონა ნონ გრატად აცხადებს

23 მაისი, 2023 • 3261
ვინ არის გაიაშვილი, რომელიც რუსეთის გამო პრეზიდენტს პერსონა ნონ გრატად აცხადებს

პარლამენტში მოხვედრის არაერთი წარუმატებელი მცდელობა, მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით და რუსეთთან პირდაპირი ფრენების გამო საქართველოს პრეზიდენტისთვის თვითმფრინავებში აშვების აკრძალვა — ეს არის მოკლე დოსიე ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილისა, რომელიც ბოლო დროს ისევ აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

გაიაშვილი, რომლის ავიაკომპანიამაც რუსეთში კვირაში 7 რეისის განხორციელების ნებართვა მიიღო, ვლადიმერ პუტინის განცხადებას მიესალმა, მათ კი, ვინც „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო გააკრიტიკა, კომპანიამ „პროვოკატორები“ და „გარეწრები“ უწოდა.

გაიაშვილმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც უარი თქვა სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებაზე მანამ, სანამ ის „აირზენას“ ხელშია. გაიაშვილის თქმით, „არ აპირებს ზურაბიშვილის ბორტზე დაშვებას ბოდიშის მოხდამდე“.

ბიზნესსაქმიანობა

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, რამდენიმე კომპანიას ფლობს. მათი დიდი ნაწილი სამოქალაქო ავიაციის, საჰაერო ტვირთების გადაზიდვასა და ტურიზმის სფეროში საქმიანობს.

გაიაშვილთან დაკავშირებული კომპანიები

მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, გაიაშვილი შპს „როიალ ტურის“ 50%-იანი წილის მფლობელია, ამასთან, გაიაშვილი 50%-იანი წილს ფლობს და აღმასრულებელი დირექტორია შპს ემ-ჯი-თი რეალ ესთეითში. „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი 55%-იან წილს ფლობს შპს „ჯეთ თრეველ ჯორჯიაში“, შპს „საქართველოს ავიახაზებში“ კი — 60%-ს. გაიაშვილის საკუთრებაშია შპს „პილოტის“, შპს „მარილი 2020-ისა“ და შპს „აირზენას“ 100%-იანი წილი.

ბიზნესსაქმიანობას ეწევა თამაზ გაიაშვილის ძმა, დავით გაიაშვილიც, რომელიც შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი და 80%-იანი წილის მფლობელია. ის ასევე ფლობს შპს „აირზენა ჰოლიდეის“ და შპს „ჯი ეი იქსის“ 100-პროცენტიან წილებს.

წარწერა „სოხუმი“ სამთავრობო ბორტზე

2013 წლის 21 სექტემბერს საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოფნისას განაცხადა, რომ თვითმფრინავიდან, რომელსაც ადრე თავად იყენებდა და იმჟამად უკვე მთავრობის განკარგულებაში იყო, წარწერა „სოხუმი“ გაქრა:

„ამ თვითმფრინავს სახელი ჰქონდა და დიდი წარწერა– სოხუმი, როგორც კი პრემიერ–მინისტრი ჩაჯდა, სიტყვა სოხუმი გაქრა.  ეს არის ოფიციალური ბორტი, ეს არის სახელმწიფო სიმბოლიკა და მას დიდი დატვირთვა აქვს, როცა ხვდებიან იქ, იღებენ და ტელევიზიებში აჩვენებენ. ამის დაწერა იყო სიმბოლიკა და ამის გაქრობაც, რა თქმა უნდა, არის სიმბოლიკა,“ — აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი.

საპასუხოდ, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ კომპანიის გადასაწყვეტია, თუ რა ეწერება თვითმფრინავს და ეს სახელმწიფო სიმბოლიკა არ არის:

“კომპანიის გადასაწყვეტია, თუ რა ეწერება თვითმფრინავს და ეს სიმბოლიკა არ არის. ზოგ თვითმფრინავზე თბილისი მიწერია, ზოგზე- ქუთაისი, ზოგიერთზე-სოხუმი და შეიძლება ეწეროს აივაზოვსკი. რა მნიშვნელობა აქვს ამას? სიმბოლიკაა დროშა, გერბი, რა შუაშია, თვითმფრინავს რა ქვია?!”–ამბობდა თამაზ გაიაშვილი.

პრეტენზიები სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიასთან“

2017 წელს „ჯორჯიან ეარვეისი“სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს მოუწოდებდა, ბაზარზე კონკურენციის სამართლიანი პირობები უზრუნველეყო და დაიცვას ის განადგურებისგან. განცხადებაში კომპანია აღნიშნავდა, რომ ქართულ ავიაბაზარზე მოღვაწეობდნენ ისეთი ავიაკომპანიები — „აეროფლოტი“, „თურქიშ ეარლაინსი“ და სხვები — რომლებიც მათი ქვეყნების მთავრობების პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსებით ახერხებდნენ „დემპინგური ფასებით ოპერირებას“. გაიაშვილი ამბობდა, რომ მის ავიაკომპანიას მუშაობა არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში უწევდა.

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანიას „ტავ ჯორჯიასაც“ დაუპირისპირდა 2018 წელს. მან განაცხადა, რომ მაღალი მოსაკრებლის გამო ავიაკომპანია ბილეთებზე ფასის შემცირებას ვერ ახერხებდა. კომპანიაში ამბობდნენ, რომ 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 182 506 მგზავრის გადაყვანაში „ტავ ჯორჯიას“, ჯამში, 15 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს.

ამავე წელს  ATO.ru-სთან ინტერვიუში თამაზ გაიაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ლიბერალური ავიაპოლიტიკა, რომელიც ევროკავშირთან 2010 წელს გაფორმდა, „აზიანებს ქართულ ავიაკომპანიებს და უნდა გადაიხედოს“. 

2019 წლის 7 მარტს „ჯორჯიან ეარვეისმა“ განცხადება გაავრცელა, რომლითაც „ტავ ჯორჯიას“ არარეალური ვალების დაფარვის მოთხოვნაში ადანაშაულებდა. ავიაკომპანია აღნიშნავდა, რომ „ტავ ჯორჯია“ „ჯორჯიან ეარვეისს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევდა. „ჯორჯიან ეარვეისის განცხადებით“, „ტავ ჯორჯიასგან“ ვალის მოთხოვნა და შეზღუდვები ავიაკომპანიისა და მისი მგზავრების გაძარცვა იყო.

„ტავ ჯორჯიას“ იმდროინდელი ინფორმაციით, გაიაშვილის კომპანიის დავალიანება, იმდროინდელი მონაცემებით, 9 მილიონ ლარს აღემატებოდა. განცხადების თანახმად, ავიაკომპანიას გადახდის გრაფიკი დაუწესეს, თუმცა ავიაკომპანია ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე კვლავ უარს ამბობდა.

პირდაპირი ფრენების შეწყვეტა რუსეთთან

2019 წლის 24 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო გეგმავდა, 600 000 ევრომდე დაეფინანსებინა ფრენები საქართველოდან რუსეთის მიმართულებით და უკან ერევნის გავლით.

მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ არაფერია იმაში განსაკუთრებული, სახელმწიფო „დაეხმაროს ეროვნულ კომპანიას, მით უმეტეს, თუ მისი 60-% რუსეთის ბაზარზე იყო დამოკიდებული“.

მთავრობის მიერ დახმარების მიღების შემდეგ ავიაკომპანიამ განცხადებაც გაავრცელა. კომპანიაში ამბობდნენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო.

„ავიაკომპანიამ, ჯამში, დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მენეჯმენტმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ავიაკომპანიისთვის გაეწია ფინანსური დახმარება.

საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ავიაკომპანიის თხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზიანის ნაწილობრივი კომპენსაცია მოეხდინა „ჯორჯიან ეარვეისისთვის”, რითაც გვერდში დაუდგა ქართულ ავიაკომპანიას“ — აცხადებდნენ „ჯორჯიან ეარვეისში“.

დაპირისპირება გიორგი გახარიასთან

2020 წელს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ჯორჯიან ეარვეისს“ დაუპირისპირდა. კორონავირუსის პანდემიისას ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვების გამო მთავრობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე მუშაობდა.

2020 წლის 23 მარტს news report-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ დაგეგმილი ვენისა და ამსტერდამის რეისები, რომლებსაც ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები უნდა ჩამოეყვანა, მთავრობის გადაწყვეტილებით გაუქმდა. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდა და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებდა.

„მე ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს“, – ასე უპასუხა მაშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რომ ევროპაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილი რეისები არ სრულდება.

გახარია „ჯორჯიან ეარვეისის“ [ყოფილი „აირზენა“] დროებით ექსპროპრიაციაზეც აფრთხილებდა:

„თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე,  ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპირებული სახელმწიფოს ინტერესებში – დროებით, რა თქმა უნდა. ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან”, — ამბობდა გიორგი გახარია.

МИР-ის საბარათე სისტემა „ჯორჯიან ეარვეიზის საიტზე“

„ჯორჯიან ეარვეისი“ მორიგ სკანდალში 2022 წლის მარტში გაეხვა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი საერთაშორისო საფინანსო სისტემა SWIFT-დან ჩახსნეს, რუსეთიდან და რუსეთში თანხების გადარიცხვა შეფერხდა. უკრაინაში შეჭრის გამო რუსული ბაზარი დატოვა Mastercard-მა, Visa-მ და American express-მაც. 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ საპასუხოდ აცხადებდა, რომ რუსული საგადახდო ბარათის, МИР-ის მეშვეობით ბილეთებს თავად არ ყიდის და ხელშეკრულება ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან  აქვს დადებული, რომელიც ამერიკულ საბარათე სისტემებთან ერთად, ბილეთებს МИР-ის მეშვეობითაც ყიდის. „ჯორჯიან ეარვეისი“ აცხადებდა, რომ , კომპანიის მენეჯმენტს “არავითარი ზეგავლენის მოხდენა” არ შეუძლია WebSky.tech-ზე. ამასთან, ავიაკომპანიის თქმით, მათ საგადახდო ბარათის, МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდიათ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ეროვნულმა ბანკმაც. ეროვნული ბანკი აღნიშნავდა, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები არ თანამშრომლობენ გადახდების სისტემების კომპანია “Мир”-თან, ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს. 

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია Мир თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით, შესაძლოა, არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

მეორე დღეს, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ საიტზე რუსული საბანკო სისტემით, МИР-ით გადახდის ფუნქცია გაუქმდა.

პოლიტიკური საქმიანობა და კავშირები

ბიზნესსაქმიანობის პარალელურად, თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში მოსვლის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა, თუმცა როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, რიგ შემთხვევებში გაიაშვილმა პარტიებთან კომუნიკაცია თავად გაწყვიტა, ზოგ შემთხვევაში კი იმ პოლიტიკურმა აქტორებმა, რომელზეც ფსონი „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა დადო, პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხეს.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნები

Civil.ge-ს არქივის მიხედვით, თამაზ გაიაშვილი 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ედუარდ შევარდნაძის ბლოკის „ახალი საქართველოსთვის“ პროპორციული სიის მე-20 ნომერი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგებით, შევარდნაძის ბლოკმა 38 მანდატი მოიპოვა, თუმცა გაყალბებულ არჩევნებს გამო აქციები დაიწყო, რაც ვარდების რევოლუციით დასრულდა, არჩევნების შედეგები კი ბათილად ცნეს.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნები

პოლიტიკურ ასპარეზზე თამაზ გაიაშვილი კიდევ  ერთხელ 2008 წელს გამოჩნდა. 2008 წლის 25 მარტს ტელეკომპანია „მზე“ აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული არჩევნებისთვის რამდენიმე ბიზნესმენის შერჩევას აპირებდა, მათ შორის კი სახალხო ბანკის გენერალურ დირექტორ გიორგი გოგუაძეს, ღვინის მწარმოებელი კომპანიის ”თელიანი ველის” აღმასრულებელ დირექტორ არჩილ გეგენავას, სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პიონტის” ხელმძღვანელ რუსუდან კერვალიშვილსა და „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილს ასახელებდნენ. მიუხედავად ამისა, 2008 წლის არჩევნებში თამაზ გაიაშვილი ოფიციალურად არ იყო მაჟორიტარების სიაში.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები

2012 წელს თამაზ გაიაშვილი პარლამენტში შესვლას ამჯერად „ქრისტიან-დემოკრატიულ“ პარტიასთან ერთად შეეცადა. 2012 წლის არჩევნებში გაიაშვილი „გიორგი თარგამაძე ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ პარტიული სიის მეექვსე ნომერი იყო. თამაზ გაიაშვილმა და მისმა ძმამ ამავე პარტიას, ჯამში, 120 000 ლარი შესწირა.

IPN-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში გაიაშვილი ამბობდა, რომ დიდი ხანია, გიორგი თარგამაძის თანამოაზრე და გულშემატკივარი იყო: „ ის გამოკვეთილი ლიდერია. მას ამბიციური პასუხი კი არ აქვს შეკითხვებზე, არამედ – დაფიქრებული, აწონილ-დაწონილი. მისი ყველა პოლიტიკური საქმიანობა ბრძნული და გააზრებულია. ამიტომაც ვარ “ქრისტიან -დემოკრატიული” პარტიის წევრი უკვე 2 წელია და საკმაოდ აქტიური წევრი“. პოლიტიკაში ჩართვის მიზეზებზე საუბრისას კი გაიაშვილი აცხადებდა, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, მისთვის განსაკუთრებული თემა ბიზნესი იქნებოდა და ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას დაეხმარებოდა. თუმცა, 2012 წლის არჩევნებში „ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 5% იანი ბარიერი ვერ გადალახა, შესაბამისად, ვერც თამაზ გაიაშვილი შევიდა პარლამენტში. 

გაიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

IPN-სთვის 2012 წელს მიცემულ ინტერვიუში „ჯორჯიან ეარვესის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილზეც საუბრობს. გაიაშვილი ამბობდა, რომ ივანიშვილს პირადად არ იცნობდა, თუმცა მასზე მხოლოდ კარგი სმენოდა და მას კარგ ბიზნესმენად და მეოჯახედ ახასიათებდა, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმე ჰქონდა გაკეთებული. 

თუმცა გაიაშვილი აღნიშნავდა, რომ ივანიშვილს რიგ შემთხვევებში პიროვნებებზე არასწორი შეხედულებები უყალიბდებოდა და ურჩევდა „ნაკლებად ექცეს ინტრიგების გავლენის ქვეშ, პირადად გაიცნოს ადამიანები და დასკვნები შემდგომ გამოიტანოს“.

„ლელოსთან“ დაწყებული და გაწყვეტილი თანამშრომლობა

ამის შემდეგ თამაზ გაიაშვილი პოლიტიკურ ველზე „ლელოსთან“ ერთად ჩნდება. 2020 წლის აგვისტოში გაიაშვილი მამუკა ხაზარაძემ პარტიის ახალ წევრად წარადგინა. მაშინ გაიაშვილი ამბობდა, რომ  მისთვის პოლიტიკაში მოსვლა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა იმედების გაცრუების შემდეგ, „ლელო საქართველოსთვის“ რიგებში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

კითხვით, კიდევ ირიცხებოდა თუ არა თამაზ გაიაშვილი „ლელოს“ წევრად „ნეტგაზეთი“ პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ 2020 წელს გაკეთებული ამ განცხადებიდან დაახლოებით ორ კვირაში, პარტიასა და გაიაშვილს შორის კომუნიკაცია შეწყდა ისე, რომ „ლელოში“ მისი ოფიციალურად გაწევრიანება ვერც მოესწრო.

თამაზ გაიაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი არ უარყოფს, რომ პრემიერ ღარიბაშვილთან მეგობრობს. ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ პუტინის ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ღარიბაშვილი გაიაშვილთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად გაიაშვილმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ღარიბაშვილი „გუშინ არ გაუცნია“ და მათ ნაცნობობა „ქართუ ბანკიდან“ აკავშირებთ. ბიზნესმენის თქმით, იცნობს ღარიბაშვილის მამას და მის გარემოცვასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი