ახალი ამბებიკომენტარი

„ეს არის თაღლითობა და შულერობა“ — ირა ჭელიძე რუსული კანონის შემობრუნებაზე

25 აპრილი, 2024 • 2062
„ეს არის თაღლითობა და შულერობა“ — ირა ჭელიძე რუსული კანონის შემობრუნებაზე

სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ირა ჭელიძე თაღლითობად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას. მისთვის გაუგებარია, მმართველი პარტია რატომ ცდილობს იმას, რაც გასულ წელს, საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის გამო ვერ მოახერხა.

„ხელისუფლება იმეორებს იმას, რაზეც საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ მყოფმა ერთხელ უკვე უარი თქვა. როგორც მოქალაქე, ამას აღვიქვამ, როგორც თაღლითობას და შულერობას. უნდათ შემოგვტენონ ის, რაზეც ერთხელ საზოგადოებამ უკვე თქვა უარი.

ცოტა ხნის წინ წავიკითხე ლინკოლნ მიტჩელის შეფასება, რომელიც თავის დროზე იყო ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი. ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს: აბსოლუტურად მშვიდ პოლიტიკურ ველზე შეეძლოთ წყნარად და ღიმილით გასულიყვნენ არჩევნებზე, სადაც, დიდი ალბათობით, უმრავლესობას მოიპოვებდნენ. მე არ ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემობრუნებამდე ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ რამე სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა. რაში დასჭირდათ ამის შემოტრიალდება, გაუგებარია“ ,— უთხრა ნეტგაზეთს ირა ჭელიძემ.

ის ამბობს, რომ იმ დაშვებითაც კი, რომ გამჭვირვალობის პრობლემა მართლა არსებობს, ხელისუფლებას ამის მოგვარება უკვე არსებულ კანონში მარტივი ცვლილებით შეეძლო, თან ისე, რომ ამხელა ყურადღება არ მიექცია და არც ამხელა ხმაური გამოეწვია. ჭელიძე განიხილავს ორ ვერსიას, რაც შეიძლება იყოს მმართველი პარტიის „ფიქრის ლოგიკა“.

„ახსნა, რომლითაც შეიძლება მათი ფიქრის მიმართულების გაგება, არის ის, რომ მოინდომეს საზოგადოების დაყოფა მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ისევ დავხოცავთ ერთმანეთს სოციალურ სივრცეში და გარეთ. ისევ პოლარიზაციით მოვიგოთ არჩევნები. რამდენად გამოუვა, ეჭვი მეპარება.

ექსპერტები მთელ მსოფლიოში ე.წ. მარჯვენა მოსახვევს ელოდებიან — ამერიკაში ტრამპს და ევროპარლამენტის არჩევნებზე ივნისში მემარჯვენე პარტიების უფრო სოლიდურად წარმოჩენას. ის ნარატივები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახმოვანებს, არც ამ მემარჯვენეებისთვისაა უცხო. ჰგონიათ, რომ ეს თუ მოხდა, დასავლეთიდან აღარ წამოვა შენიშვნები და გაძვრებიან. თუმცა ევროკავშირის იდეოლოგია არის ერთიანი, მწყობრი და შეიძლება, მემარჯვენეების მოსვლამაც არ უშველოს ამ ამბავს“, — ამბობს ჭელიძე.

ის საუბრობს იმ რისკებზე, რომლებიც კანონის მიღების შემთხვევაში შეიქმნება.

„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვთქვათ, არ მაქვს წაკითხული კანონი, ეჭვი მეპარება, პირადად მე დავზარალდები თუ არ დავზარალდები და ა.შ. რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გვაქვს და გვეუბნებიან, თუ ამ კანონს მიიღებთ, წევრობაზე მოლაპარაკებას არ გაგიხსნითო, მხოლოდ ამიტომ არის ცუდი ეს კანონი.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალდებიან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები. დავუშვათ, რომელიღაც არასამთავრობო მართლა იღებს დაფინანსებას ერთი რაღაცისთვის და ამ ფულს უშვებს სხვაგან. თუმცა პარალელურად არსებობს ორგანიზაცია, რომელიც, მაგალითად, ადვოკატირებას უწევს შშმ პირებს, ან იცავს გაუპატიურებული ბავშვების უფლებებს. ესეც და ისიც ერთნაირად დაზარალდება“, — ამბობს ჭელიძე.


2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. 

ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ.

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი